ხათუნა ლაგაზიძე - კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში უმეტესი ნაწილი ძველი პარლამენტის ან თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები არიან, ამიტომ კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტNews“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია მორჩილების პრინციპით არის დაკომპლექტებული.

“ სიის დაკომპლექტების დროს, როგორც ჩანს, ცნობადობის კრიტერიუმი იყო მთავარი, როდესაც კულტურისა თუ სპორტის სფეროში პოპულარული ადამიანების შერჩევა მოხდა. ყველამ ვიხილეთ, რომ „ქართული ოცნების“ სიის უმეტესი ნაწილი ძველი პარლამენტის წარმომადგენელები ან თბილისის საკრებულოს წევრები არიან. ამ პრინციპებს თუ გადავავლებთ თვალს, გამოდის , რომ კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე. ეს გამოწვეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი სიაში მოხვედრილი კანდიდატი თბილისის საკრებულოს და მერიის თანამშრომელია და ბუნებრივია, აქ კახა კალაძის კვალი ძალიან თვალსაჩინოა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გარდა ამისა, ხათუნა ლაგაზიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაც შეაფასა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელება, სავარაუდოდ, იმის გამო მოხდა, რომ მას სახალხო სიყვარული აქვს.

„სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას რა არგუმენტები შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის საფუძველი იყო მისი საერთო სახალხო ცნობადობა და სახალხო სიყვარული. გარდა ამისა, ბუბა კიკაბიძე იმ იშვიათ ქართველ მოღვაწეთა შორის არის, რომლებიც კატეგორიულად უარს ამბობენ იმღერონ ოკუპანტი ქვეყნის ენაზე და ამ თვალსაზრისით, ალბათ ის არის სიმბოლო გაუტეხლობის ოკუპანტის წინაშე და მეორე მხრივ, საერთო სახალხო სიყვარულის ობიექტი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთან, ექსპერტმა შეაფასა „ქართული ოცნების“ პროგრამის პრეზენტაცია და აღნიშნა, რომ აქცენტის გაკეთება „მიშა მოდის“ საფრთხეზე სასაცილოა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა არ მოიცავდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება უნდა მოუტანოს.

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არჩევნებიც კვლავ ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ჩაივლის, სადაც მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი ადგილი. აქცენტის გაკეთება „მიშა მოდის“ საფრთხეზე, არამც თუ მცდარი არამედ სასაცილოც არის. ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს კიდევ ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ბიძინა ივანიშვილის მესიჯები სწორედ ამომრჩეველთა ამ ნაწილზე იყო გათვლილი, მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ასეთი ნაწილი ამომრჩევლებში გაცილებით არის შემცირებული, ვიდრე ეს იყო 2016 წლის ან 2018 წლის არჩევნებისას. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობით იმდენი პრობლემა მოახვია ქვეყანას თავზე, რომ ამომრჩეველთა უმეტესობისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხე , დიდწილად გაფერმკრთალებულია, ამიტომ ეს გამოსვლა არ მოიცავდა საზოგადოების და ამომრჩევლის იმ უმთავრეს ნაწილს, რომელიც გადამწყვეტი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა