კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის დასახვა კარგია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარტო ჩვენი გადასაწყვეტია - ისეთი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომ ევროკავშირში ჩვენი მიღება მოუნდეთ

ევროკავშირში გაწევრიანებამდე ძალიან დიდი სირთულეები და უფსკრულია, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის განცხადება შეაფასა, სადაც საუბარია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს.

როგორც კახა გოგოლაშვილი აცხადებს,საქართველოს ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება დასჭირდება იმისთვის, რომ მოწინავე ქვეყანა გახდეს.

„4 წლის განმავლობაში საქართველოს დასჭირდება სასამართლო სისტემის ავტორიტეტის სერიოზული გაზრდა. რეფორმა ისე უნდა გატარდეს, რომ არანაირი ეჭვები აღარ იყოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. საჭირო იქნება უამრავი დარგის დაახლოების დაჩქარება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მაგალითად, სურსათის უვნებლობა, კონკურენცია...

საქართველოს ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება დასჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარების სხვა საფეხურზე ავიდეს. ეკონომიკა უფრო ეფექტური და მომგებიანი უნდა გახდეს. დასაქმება და მცირე ბიზნესის რეფორმირება იქნება საჭირო იმისთვის, რომ გამოჩნდეს საქართველო როგორც მოწინავე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციის განხორციელება ისე, რომ არ დააზიანოს თავისი თავი"-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

როგორც კახა გოგოლაშვილი განმარტავს, საქართველო ევროკავშირთან ყველაზე ახლოს არის, ვიდრე ისტორიულად ყოფილა, რაც არ ნიშნავს იმის გარანტიას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

„ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ბევრ ქვეყანას ჩვენზე უფრო დიდი ხანი რაც აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენზე უფრო ახლოს არიან ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ასოცირების ხელშეკრულება თავისთავად ინტეგრაციის კარგი დონეა, მაგრამ ეს შეიძლება აღმოჩნდეს ზღვრული დონე, თუ ქვეყანა წინ არ წავიდა იგი დარჩება ასოცირებულ ქვეყნად.

ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ხელს უწყობს ევროკავშირთან დაახლოებას. საქართველო ევროკავშირთან ყველაზე ახლოს არის, ვიდრე ისტორიულად ყოფილა, რაც არ ნიშნავს იმის გარანტიას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, ევროკავშირში გაწევრიანებამდე ძალიან დიდი სირთულეები და უფსკრულია. გეოგრაფიულ სიშორეს რომ თავი დავანებოთ, არსებობს საკითხები, ისეთი როგორიც არის რეგიონული სიტუაცია, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხშირი ომები.

არ არის რეგიონში ეკონომიკური განვითარების პირობები, ინვესტიციები ვერ მოდიან, სატრანსპორტო დერეფანს სრულად ვერ ვიყენებთ, ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორებია, რაც აფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციას.

დასახვა ამ მიზნის, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ ევროკავშირში კარგია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ჩვენი გადასაწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ უნდა დავიმსახუროთ, ისეთი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუნდეს ჩვენი მიღება, დაინტერესებულები უნდა იყვნენ ჩვენი გაწევრიანებით, ეს კი მარტივი საქმე არ არის",-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტური რეფორმები გაატარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს