ბადრი ჯაფარიძე -  “ქართულ ოცნებას” არ აქვს პროგრამული ნაბიჯი, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან

მმართველმა ძალამ ამოწურა მორალური და საკადრო რესურსი იმისათვის, რომ ქვეყნის მმართველობის გაგრძელებაზე პრეტენზია ჰქონდეს, - ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ მმართველი პარტიის საპარლამენტო სია.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკვე დაპირებებსაც აღარ იძლევა.

„ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი. რაც მთავარია, ადრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი იძლეოდნენ დაპირებებს და არ ასრულებდნენ, ახლა საერთოდ დაპირებებსაც აღარ იძლევიან,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელოს” გენერალური მდივნის თქმით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს პროგრამული ნაბიჯი და არ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, სადაც აღმოჩნდა.

„ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს იმ უმძიმესი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომლესაც აქვს უნარი, გამოცდილება, ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. თუ როგორ შევაჩეროთ ეკონომიკური ვარდნა, როგორ შევაჩეროთ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით, როგორ დავიწყოთ დასაქმების პრობლემის გადაჭრა, როგორ დავუბრუნოთ ადამიანებს სამუშაო ადგილები, აი ეს არის ახლა მთავარი ამოცანა. „ლელო“ არის კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყოთ ყველა იმ მწვავე საკითხის გადაჭრა მოსახლეობისთვის, რომელსაც თანამოქალაქეები ეჯახებიან. „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი მოსახლეობისათვის განვლილ რვა წელთან დაკავშირებით. ეს კი მიანიშნებს იმას, რომ არ აქვს ხედვა და გეგმა. ისინი დარჩნენ წარსულში და საუბრობენ წარსულ პერიოდზე, რომელიც ჩვენ უკვე გადავფურცლეთ და ეს არის სწორედ მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მივიღეთ, უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადების სახით,” - აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა:

„პოლიტიკური პარტიები სწორედ იმიტომ ვარსებობთ, რომ თუ რაიმე პრობლემა გვერგო მემკვიდრეობით, ის გადავჭრათ და „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი შეძლო რვა წლის განმავლობაში, რომ დაძლეულიყო სიღატაკის პრობლემა, შემცირებულიყო მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა. ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ მიმართულებით და უფრო მეტიც, სიღატაკის ზღვარს მიღმა მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე,” - განმარტა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა