არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია, აღარ აქვს რესურსი, რომ რეალური პარტიული სია წარმოედგინა - ამას გუნდს ვერც კი დავარქმევ

ამას გუნდს ვერც კი დავარქმევ. ეს არის ჰიბრიდული სია, სადაც აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში და მას აღარ აქვს რესურსი, რომ რეალური პარტიული სია წარმოედგინა ამ არჩევნებში, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას.

როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფ ადამიანებს იდეოლოგიურად არავითარი საერთო არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ძალიან ცოტა ადამიანს მიაჩნია გაძლიერებულად. მე ვიტყოდი, რომ არათუ გაძლიერდა, არამედ ეს პარტია მთლიანად ჩამოშლილია, რაც გუშინ მათმა პროპორციულმა სიამ დაადასტურა. ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ ამ სიაში შეკრებილი არიან ადამიანები, რომელთაც იდეოლოგიურად არავითარი საერთო არ აქვთ. არაერთი მათგანი წარსულში ერთმანეთს პირდაპირ ადანაშაულებდა დევნაში, არაერთ მათგანს ჰყავს ნაცემი და პოლიტიკური დევნის ქვეშ ჰყავს მოქცეული ერთმანეთი, არაერთი მათგანი იყო ერთმანეთის მამხილებელი სხვადასხვა პერიოდში. ამას გუნდს ვერც კი დავარქმევ, ეს არის ჰიბრიდული სია, სადაც აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში და მას აღარ აქვს რესურსი, რომ რეალური პარტიული სია წარმოედგინა ამ არჩევნებში. ზუსტად ამიტომ, იქ არიან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ერთ შემთხვევაში არიან უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები, ზოგი არიან რადიკალები, ზოგიც არიან ადამიანები, ვისაც პოლიტიკურ კულტურას დიდად ვერ მოვთხოვ და ყოველდღიურად ლანძღვით და უცენზურო სიტყვებით საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებიან.

ჩვენ თუ ვნახავთ კლასიკურ განმარტებას, რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საერთო პრინციპები, იდეოლოგიური პლატფორმა, რომელსაც აქვს თავისი მცირე ისტორია მაინც. ეს არის ორგანიზაცია, სადაც ადამიანები წევრიანდებიან იმისთვის, რომ ისინი საერთო ღირებულებებს უჭერენ მხარს. როგორ შეიძლება საერთო ღირებულებები აკავშირებდეთ ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციულ სიაში ვნახეთ? როდესაც არაერთ მათგანს ერთმანეთი წარსულში ჰყავს ნადევნი, ხშირ შემთხვევაში ნაცემი, ნალანძღი და აბსოლუტურად განსხვავებულ ღირებულებებს უჭერენ მხარს. ეს ნიშნავს ან ერთს ან მეორეს, ან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩამოშლილი და ის არის მილევად რეჟიმში, ან ეს არის კიდევ ერთი გაუგონარი ექსპერიმენტი, რაც ამ პოლიტიკურმა ძველმა ოპოზიციამ შესთავაზა საზოგადოებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს