საქართველოს გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) პირველ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) პირველ შეხვედრას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და USAID საქართველო, დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის მსაჯულების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თანაარსებობის უზრუნველყოფის შესახებ განიხილეს. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე ოთხი წელია შეიქმნა ნაფიც მსაჯულთა სამმართველო.

ირაკლი შოთაძე: „ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს როლი განისაზღვრა იმაში, რომ მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ბრალდება მეტად ეფექტიანი გამხდარიყო და პარალელურად საქართველოს პროკურატურას ჰყოლოდა რაც შეიძლება მეტი პროკურორი, რომელთაც შესაბამისი უნარჩვევები გააჩნდათ, რათა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე განეხორციელებინათ სახელმწიფო ბრალდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ სამმართველოს თანამშრომლებს, ამერიკის საელჩოს, იუსტიციის დეპარტამენტს და კონკრეტულად მაიკლ გრანტს. გამოწვევები მრავლად რჩება და უპირველესია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მართლმსაჯულების პროცესში მსაჯულებად მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად".

„ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ხედვები და დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება მართლმსაჯულების და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას" , - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეხვედრაზე დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა აქტიური მონაწილეობით საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გაიმართა.

„მიხარია, რომ სამივე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ნამდვილად აქვს მომავალი ქართულ მართლმსაჯულებაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობას და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეფექტიანად ხელშემწყობი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარების, რათა ჩვენ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება", - აღნიშნა დავით ასათიანმა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერაა მხარდაჭერილი.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა 2020 წლის ივლისში მოაწერეს ხელი.

საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს