კახა კალაძე - იყო თბილისელი, ისევე, როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი უკეთესი ყოფის შექმნაში

გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი! ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის მომავალს!- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისობა განსაკუთრებით იმ ადამიანებს მიულოცა, ვინც კორონავირუსს ებრძვის და განაცხადა, რომ ამ ადამიანების გვერდით არის სახელწიფო.

„რა თქმა უნდა, უჩვეულოა თბილისობის დღესასწაულის ასე აღნიშვნა. ჩვენს უძველეს და ულამაზეს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც ზეიმი, შემოდგომის სიჭრელე, ბავშვების ჟრიამული, მტკვარზე ტივით მოსეირნე სტუმრები, ხილით დატვირთული დახლები, მშრომელი ადამიანების მიერ საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ნობათი და რაც მთავარია, მხიარული, ბედნიერი სახეები ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, დღეს ამ ფორმატით ვხვდებით ერთმანეთს. გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი! ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის მომავალს! განსაკუთრებით მინდა მივულოცო წლევანდელი თბილისობა ადამიანებს, რომლებიც ახლა უცნაურ ვირუსს ებრძვიან. მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში. მათ გვერდით არის სახელმწიფო და მათ გვერდით არიან ქართველი მედიკოსები, რომლებიც არასდროს მარცხდებიან.

არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე. ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ჯანმრთელობასა და მათ უსაფრთხოებას. სწორედ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, გვაძლევს ძალასა და შემწეობას, ერთად გავუმკლავდეთ სირთულეებს და დავინახოთ სინათლის სხივი იქ, სადაც აქამდე ვერ ვხედავდით, ან უბრალოდ არ გვინდოდა გვეძებნა. არ არსებობს ადამიანურობის უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გამოხატულება, ვიდრე სურვილი - უანგაროდ იზრუნო სხვებზე, დახმარების ხელი გაუწოდო მას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება,“- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ვისაც „საპატიო თბილისელის“ წოდება გადაეცათ, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დაგვანახა, როგორ შეიძლება გიყვარდეს საკუთარი ქალაქი, ქვეყანა და ხალხი.

„იყო თბილისელი, ისევე როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი, საერთო, უკეთესი ყოფის შექმნაში. ტიტული ხომ საბოლოოდ მხოლოდ ფორმალობაა, რომლის უკან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას - გულიდან წამოსული მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნისგან და რაც მთავარია, ხალხისგან.

თქვენ მიერ გაწეული ღვაწლისა და შრომის დაფასება ჭირდება. ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, არამედ - მოვალეობაცაა. დიდ მადლობას გიხდით ყველას სახელით და როგორც ამ ქალაქის მერი და ერთი, უბრალო ადამიანი, ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვცხოვრობ.

როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შევხვდი ამირან გამყრელიძეს, მან მეგობრულად მითხრა, რომ არასოდეს სახელმწიფოსგან არცერთი ჯილდო არ მიმიღია და ძალიან მეუხერხულებაო, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ამ ქვეყნის შვილს, არ მქონდა უფლება, არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანები, მათ უკან მდგომი ყველა თანამშრომელი, იმხელა საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათი დაფასება, უბრალოდ, აუცილებელია.

და ბოლოს, „საპატიო თბილისელის“ წოდება გადაეცემა ადამიანს, რომელიც ადამიანებს არა მედიკამენტებით, არამედ სიტყვით კურნავს. ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და გვასწავლის, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სულში გაფურჩქნილი სიყვარულის ყვავილი არა ყაყაჩო, არამედ კაქტუსია, რათა ჩხვლეტით გვაგრძნობინოს სიცოცხლის ძალა. ჩემთვის დიდი პატივია, „საპატიო თბილისელად“ დავასახელო გურამ დოჩანაშვილი. იმედი მაქვს, გურამ დოჩანაშვილი ახლა ტელევიზორის ეკრანიდან გვადევნებს თვალს. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე,“- განაცხადა კალაძემ.

2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება ქართველ კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა