კახა კალაძე - არ დარჩენილა დარგი, სადაც წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს, თუმცა, ყველა ვთანხმდებით,  რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახლავთ ის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია მოაგვაროს ყველა პრობლემა და ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სიღნაღში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. აქედან ალაზნის ველი და კავკასიონის ქედები მთელი თავისი მშვენიერებით ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს მხარე საქართველოს ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მხარეში აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი და ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მისი თმით შეკრული ვაზის ჯვარი ჰქონდა. სიმბოლურია, რომ წმინდა ნინომ ამ ჟესტით უძველესი ქართული კულტურის სიმბოლო, ვაზი და დღეს უკვე დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, ქრისტიანობა ერთმანეთს დაუკავშირა.

ჩვენი ხელისუფლების მიზანი ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, ევროპა კი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ერთობაა, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეკონომიკა და სრულფასოვნად დავუბრუნდეთ იმ სივრცეს, რომელშიც საქართველო ბუნებრივად იმყოფება.

ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი ძლიერი ეკონომიკაა. წელს ერთ-ერთი საუკეთესო რთველი და უხვი მოსავალია, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდამჭერის პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან წარმატებით ხორციელდება. ამასთან, სიღნაღში უფრო და უფრო ვითარდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, ტურისტული მიზიდულობის წერტილები და კახური სუფრაც უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და ახლობელი ხდება. სამწუხაროდ, პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა და როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვებრძვით ამ უხილავ ვირუსს. დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიანი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით - განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. არ დარჩენილა დარგი, სადაც წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა პროგრამის პრეზენტაცია, სადაც აღინიშნა თუ რა გაკეთდა ამ რვა წლის განმავლობაში, რაზე იყო ძირითადი აქცენტები, რა გამოწვევები გვაქვს დღეს და რა მიმართულებით მოგვიწევს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუშაობა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ შევქმნათ წარმატებული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს