გიორგი შერვაშიძე - მოდიან დაპირებებით, მიიღებენ მანდატს და მერე ხდებიან ისინი „მარსიანელები“ და ჩვენ „დედამიწელები“, ან პირიქით

მოდიან დაპირებებით, მიიღებენ მანდატს და მერე ხდებიან ისინი „მარსიანელები“ და ჩვენ „დედამიწელები“, ან პირიქით, - ასე შეაფასა პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ გენერალურმა მდივანმა, გიორგი შერვაშიძემ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდებში პოლიტიკოსების ნაწილის მოქმედების პროცესი.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნებისმიერი პოლიტიკოსი მის წინაშე რეალურად ანგარიშვალდებული უნდა გახადოს და ეს მხოლოდ დოკუმენტებში არ უნდა აისახოს.

„სახელმწიფოებრივი აზროვნება – ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ ადამიანს ზუსტად ეცოდინება, რა უნდა მოსთხოვოს მინისტრს და ზოგადად ხელისუფალს, ვერავინ გაბედავს საკუთარი მოვალეობის თავიდან აცილებას. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ თითოეული ჩინოვნიკი ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და ყოველი მათგანი ჩვენ წინაშეა ანგარიშვალდებული. ჩვენ, რეალურად, ვქირაობთ პროფესიონალს (ასე გვგონია, ყოველ შემთხვევაში), რომელმაც უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაც დავიქირავეთ. თუ ვერ გააკეთებს, უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ანუ ის ქვეყნის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს. მაგრამ ახლა შევხედოთ რეალობა. მიდიან წინასაარჩევნო დაპირებებით ხალხთან და მორჩა. მიიღებენ მანდატს და ტყდება ხიდი მოსახლეობას და თანამდებობის პირებს შორის. ისინი გამოდიან მარსიანელები და ჩვენ დედამიწელები, ან პირიქით. ჩვენ ვიცით, მაგრამ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, რომ ისინი არიან ჩვენგან ხელფასმიცემული ხალხი. მოდის, მაგალითად, გამგებელი, გვიკეთებს ჭას ან ჟოლოფს, გვაკვრევინებს ტაშს და გვავალდებულებს მადლობის თქმას, არადა, ამისთვის მას ხელფასს ვუხდით. როდესაც ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ხელფასს ვიღებთ ამაში, აპლოდისმენტებით გვამკობს ვინმე? თუ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ხელშეკრულება გვავალდებულებს, მივაღწევთ იმაზე მეტს, ვიდრე გეგმაში გვიდევს, კი ბატონო, ჩვენც გვეტყვიან მადლობას და არც ტაშს დაიშურებენ, მაგრამ, სხვა შემთხვევაში ეს უკვე ნორმალური არაა“, - აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანამ ისეთი მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, რომლის თანახმადაც თითოეული ამომრჩეველი საკუთარი ხმის დაცვას შეძლებს.

„ვამბობთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. რას ნიშნავს დემოკრატია? ხალხის ნების გამოვლენას, ხომ? მაგრამ ეს განმარტება რჩება მხოლოდ ეტიმოლოგიურ დონეზე. ვთქვათ და გამოვავლინეთ ნება, დავაფიქსირეთ ხმა, ავირჩიეთ კონკრეტული პირი ან პირები, მაგრამ შევცდით. უფრო სწორად, მან არ შეასრულა ის დაპირება, რისთვისაც მოხდა მისი არჩევა. არსებობს რამე მექანიზმი, რომ დავიცვათ საკუთარი ხმები? ადამიანებს ხომ უნდა ჰქონდეთ უფლება, დაიცვან საკუთარი არჩევანი? თუ ხელისუფალი არ გააკეთებს იმას, რისთვისაც ვანდეთ ქვეყანა, არ უნდა გვქონდეს უფლება, წავართვათ ჩვენ მიერ მინიჭებული მანდატი? სიტუაციას რომ უფრო მარტივად შევხედოთ, ავიღოთ ფეისბუქის „ლაიქ“ და „დისლაიქ“ ფუნქცია. ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ დეპუტატის ქმედებებს და ზუსტად ასე ვაფასებდეთ. „ლაიქ“-ით ან/და „დისლაიქით“, ხოლო კანონი შემდეგ მისთვის მანდატის ჩამორთმევის უფლებას უნდა გვაძლევდეს. რეალურად, ეს ტექნიკურად უფრო რთული შესასრულებელია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. აქაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნება და მონდომებაა მთავარი“, - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა