სომხეთის ელჩი - სომხური მხარე აფასებს საქართველოს მზადყოფნას, მოლაპარაკების მოედანი გახდეს, მაგრამ პრემიერის განცხადების ადრესატი არის ბაქო, რომელიც არ არის მზად მოლაპარაკებისთვის

ომი დაიწყო ალიევმა, რათა თავისი ხალხის ყურადღება ­ შიდა პრობლემებიდან ომზე გადაეტანა, თან იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა. თუმცა, სწორედ ეს ომი გახდება მისი დიქტატურის დამარცხების მთავარი მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, ეჭვგარეშეა, რომ სომხური მხარე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და აზერბაიჯანელ ხალხს ალიევის­ ავანტიურისტული კლანის კლანჭებიდან დაიხსნის.

„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ 150 000 კაცით დასახლებული არწახი 10-მილიონიან აზერბაიჯანს თავს ვერ დაესხმებოდა, რომელსაც ყოველგვარი საშუალებით ეხმარება 80-მილიონიანი თურქეთი. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ადვილად შეიძლება ინტერნეტში სამხედრო რიტორიკის ნახვა, რომელიც ალიევმა და ჰასანოვმა მრავალჯერ გაახმოვანეს და რომელიც მომავალში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ამ ომში მთავარი დამნაშავეები არიან ალიევისა და ფაშაევის კლანები. ისინი უკვე ათეული წლებია აზერბაიჯანელ ხალხს სისხლს სწოვენ, მათი და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარჯზე განუსაზღვრელი სიმდიდრე დააგროვეს. ახლა კი ხელისუფლებისა და ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანელი ხალხის რისხვის თავიდან ასაცილებლად, წამოიწყეს ომი, რომელიც აზერბაიჯანის სრული კრახით დასრულდება“, - განაცხადა რუბენ სადოიანმა.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობას, მისი თქმით, თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს ჯერ კიდევ იმ დროიდან წარმოადგენს, როდესაც მომთაბარე თურქი ტომები ალთაის მთებიდან რეგიონში ჩამოვიდნენ.

„სომხებთან ერთად, რეგიონის სხვა ხალხების, მათ შორის ქართველების მწარე ისტორიული გამოცდილებაც ამტკიცებს, თუ რა არის თურქეთი და რას წარმოადგენს ის რეგიონში, როგორი როლი ითამაშა მან საუკუნეების­ განმავლობაში. ეს ყველაფერი რომ დავინახოთ, რეგიონის ისტორიას კარგად უნდა გავეცნოთ და დღევანდელ რუკას გადავხედოთ. თურქეთს ყველა თავის მეზობელთან სერიოზული პრობლემები აქვს, რაც რეგიონში დესტაბილიზაციას ხელს უწყობს. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობას, არსებობს ამის დამადასტურებელი ­ ასობით ფაქტი და ამას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად აცხადებს. თურქეთის მონაწილეობა გულისხმობს: სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ყოველდღიურ მიწოდებას; საბრძოლო მოქმედებებში თურქი ინსტრუქტორებისა და ოფიცრების მონაწილეობას. თურქეთს აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან და პაკისტანიდან ტერორისტი-ჯიჰადისტები გადმოჰყავს. ასევე აშკარაა მის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციური რეჟიმის სრული მხარდაჭერა დიპლომატიურ სფეროში. რაც შეეხება იმას, სჭირდება თუ არა სომხეთს რუსეთის დახმარება აზერბაიჯანის შეტევის შესაჩერებლად და იგეგმება თუ არა მოსკოვისთვის ამ თხოვნით მიმართვა - ბრძოლა, რომელსაც არწახის თავდაცვის არმია აწარმოებს, გამარჯვების მომტანია და საუბარი რომელიმე ქვეყნის დახმარებაზე ზედმეტად მიმაჩნია. ჩვენი იმედია სომეხი ჯარისკაცი და ღმერთი, ღმერთი კი სიმართლის მხარესაა“, - განაცხადა ელჩმა ინტერვიუში.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეთავაზებას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისთვის თბილისში შეხვედრის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ელჩი პასუხობს, რომ სომხური მხარე აფასებს საქართველოს მზადყოფნას, რომ ის მოლაპარაკების მოედანი გახდეს.

„სომხეთის პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო - ჩვენ გვსურს მშვიდობა და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნამდვილი ადრესატი არის ოფიციალური ბაქო, რომელიც როგორც ყოველთვის, არც ახლა არის მზად მოლაპარაკებისთვის. ისინი ბედს ბრძოლის ველზე ცდიან, რაც მათ კარგ დასასრულს არ უქადის“, - განაცხადა მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა