დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, შემოდგომაზე კორონავირუსს გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთოს. როგორც მან კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კლინიკურად კორონავირუსსა და გრიპს შორის ბევრი მსგავსებაა, თუმცა საბოლოო დიფერენცირება ლაბორატორიულად ხდება.
„კორონავირუსული ინფექციაც გახლავთ რესპირაციული ინფექცია თავისი კლასიკური ბუნებით. ალბათ, ნოემბერში ამას გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთვება. ძალიან ბევრი კლინიკური მსგავსება აქვთ, თუმცა გამოცდილ ექიმს შეუძლია, რომ კლინიკურად დიფერენცირება გააკეთოს, მაგრამ საბოლოო დიფერენცირება ლაბორატორიულად ხდება. რესპირაციულ სეზონზე მომართვიანობა ყოველთვის იზრდება და ალბათ, წელსაც გაიზრდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ჯერ კოვიდ19-ის და გრიპის ვირუსის თანაარსებობის შესახებ გამოცდილება არ არის, ამიტომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს.
„ის, რასაც დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ვაკეთებთ, მაგალითად, პირბადეს ატარებთ, დისტანციას იცავთ, ხელებს ხშირად იმუშავებთ, ზუსტად იგივე პრევენციული ღონისძიებებია გრიპთან მიმართებითაც. ამიტომ, არ გამორიცხავ, ამან სასიკეთოდ იმოქმედოს და გრიპი წელს შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი ეფექტით იყოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.