მეუფე შიო პატრიარქს - სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან სასულიერო სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა

თქვენო უწმინდესობავ, სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან სასულიერო სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა და აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა მიმართულების კვლევებში, სასულიერო და საგანმანათლებლო პროცესებში“,- ამის შესახებ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიომ, საპატრიარქოში პატრიარქის დაჯილდოვებისას განაცხადა, სადაც სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი გადასცა.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, პატრიარქის ყურადღება აღსაყდრების პირველივე წლებიდან სწორედ ეკლესიისა და ინტელიგენციის ურთიერთობაზე იყო მიპყრობილი.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავი ჯილდოს მინიჭებას.

დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფიქრობთ იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც თქვენ ათწლეულების განმავლობაში გასწიეთ მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით.

თქვენ ბრძანებთ: „ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე - სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა“.

თქვენი განსაკუთრებული ყურადღება აღსაყდრების პირველივე წლებიდან სწორედ ეკლესიისა და ინტელიგენციის ურთიერთობაზე იყო მიპყრობილი. საბჭოთა პერიოდის საზოგადოების ცნობიერებაში ეკლესიას უმნიშვნელო ადგილი ეკავა და რომ არა თქვენი შორსმჭვრეტელური მიზნები და საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ეკლესიასთან დაახლოვების დიდი ძალისხმევა, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები. თქვენ მიიჩნევდით, რომ საქართველოს კულტურულ-ინტელექტუალური აღორძინება სულიერებით უნდა დაიწყოს და რომ მეცნიერებისა და ინტელიგენციის სულიერება გახდებოდა ჩვენი ქვეყნის განახლების საწინდარი. სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან სასულიერო სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა და აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა მიმართულების კვლევებში, სასულიერო და საგანმანათლებლო პროცესებში.

სამეცნიერო წრეებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე თქვენ ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ "ინტელიგენცია ხალხს უნდა დაეხმაროს ჭეშმარიტების შეცნობაში; მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს – ეკლესიას? ... ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ ნაწილად, რომელიც ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს."

თქვენ წლების განმავლობაში ხვდებოდით როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ასევე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგის მეცნიერებს. თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ღრმა აზროვნებას და მიიჩნევთ, რომ საქართველოს ნათელი მომავალი

საზოგადოების განათლებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. აზრს, რომელიც ცოდნასა და რწმენას აპირისპირებს, თქვენ მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით პასუხობთ: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას“.

თქვენი დიდი ღვაწლის, პირადი ავტორიტეტისა და დახვეწილი დიპლომატიური ნიჭის შედეგად 1988 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ეს იყო იმ დიდი საგანმანათლებლო ტრადიციის აღდგენა, რომელიც საქართველოს ეკლესიას ისტორიულად გააჩნდა სხვადასხვა სამეცნიერო კერების სახით. აკადემიასთან ერთად თბილისში გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც.

1995 წელს ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია. ამავე წელს ქუთაისში დაარსდა გელათის მეცნიერებათა აკადემია. 2005 წელს მისი თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად. ამავე წელს დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - „სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება და განვითარება.“ 2008 წელს გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. 2009 წეელს აჭარაში, ხულოში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი. ამავე წელს დაარსდა წმ. თამარ მეფის სახელობის მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც 2011 წელს გადაკეთდა სასწავლო უნივერსიტეტად. ამავე წელს გაიხსნა წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საპატრიარქოს პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი. 2012 წლიდან დეკორატული მებაღეობის ინსტიტუტი გადაკეთდა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯად. ამავე წლიდან სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული ხალხური სიმღერისა და გალობის უმაღლესი სკოლა გადაკეთდა საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტად.

დღეისათვის თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენ გვაქვს 2 სასულიერო აკადემია, 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია,6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,12 გიმნაზია, 8 პანსიონი, 3 სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა ,13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი

წლების განმავლობაში გამოიცა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი, ჟურნალ-გაზეთი, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის კვლევა, თუ თარგმანი.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! ასეთი თავგანწირული შრომის შედეგია, რომ ქართველი მეცნიერები, მწერლები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები თქვენ ერის ინტელექტუალური პოტენციალის მფარველად და დიდ მოამაგედ მიგიჩნევენ.

ყოველივე ამისათვის მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი ქედს ვიხრით თქვენს წინაშე. ღმერთმა ინებოს თქვენი მრავალჟამიერ სიცოცხლე! მრავალსა წელსა მრავალჟამიერ!“,- ბრძანა მეუფე შიომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს