არმაზ ახვლედიანი - აუცილებელია პოლიტიკური დებატების მოწყობა კონკურენტებს შორის

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, კონკურენტებს მიმართავს, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში.

ახვლედიანის თქმით, აუცილებელია დებატების გამართვა, რათა საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს მკაფიო აზრი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე. ამასთან, ახვლედიანი ასევე მიმართავს ადგილობრივ და ცენტრალურ ტელევიზიებსა და საერთაშიროსო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ დებატების ჩატარება.

„მოვუწოდებ კონკურენტებს - დებატები უალტერნატივოა! 4 ოქტომბერს ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრების დაწყება გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბათუმში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, უარი ვთქვით ამ ნაცად, საკმაოდ ეფექტურ წინასაარჩევნო მეთოდზე. არავითარი საარჩევნო იდეა თუ მიზანი არ გვიღირს იმად, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა. ვიარეთ ეზოებში დისტანციის დაცვით, ღია სივრცეებში ვესაუბრეთ ბათუმელებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობის გულითადი მხარდაჭერა მივიღეთ.

ამ დღემ ერთი საგულისხმო აზრი ჩამომიყალიბა: როგორც არასდროს, დღეს აუცილებელია პოლიტიკური დებატების მოწყობა კონკურენტებს შორის.

ნუ შევაწუხებთ, ნუ ჩავაგდებთ საფრთხეში ჩვენს ამომრჩეველს, უარი ვთქვათ "კარდაკარის" პრინციპზე და მთელი ყურადღება გადავიტანოთ სწორედ დებატებზე, სადაც ყველას გვექნება შესაძლებლობა, მედიასაშუალებებისა თუ სამოქალაქო სექტორის სივრცეებში, თანაბარ, სამართლიან გარემოში ვთქვათ ჩვენი სათქმელი და ვუპასუხოთ მოდერატორის თუ ერთმანეთის შეკითხვებს. მოვუწოდებ კონკურენტი პარტიების, უპირველესად კი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებს და მაჟორიტარ კანდიდატებს ბათუმში ამ ვითარების გათვალისწინებით, ახლა მაინც დათანხმდეთ დებატების უალტერნატივო, სამართლიან მეთოდს. მოვუწოდებ მედია საშუალებებს, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეერთებული შტატების და ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ასეთი დებატების ჩატარება ბათუმში. ეს არის აპრობირებული, საუკეთესო ფორმა, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი, ინფორმირებული არჩევანი! ეს არის უმნიშვნელოვანესი გზა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ლეგიტიმური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად“, -აცხადებს ახვლედიანი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო