კრწანისის რაიონში, საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, კრწანისის რაიონში პუბლიცისტის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალების 111 წლისთავთან დაკავშირებით, მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, გრიგოლ ვოლსკის შთამომავლები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

როგორც თბილისის საკრებულოში აღნიშნავენ, დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა გრიგოლ ვოლსკის მოღვაწეობაზე, ქართველი ხალხის წინაშე მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს. გაიხსენეს მისი, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის საქმიანობა აჭარაში.

როგორც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, გრიგოლ ვოლსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე.

„სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს გავხსენით გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა. 111 წელი გავიდა გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალებიდან. სამწუხაროდ, ამ დიდი მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა არ არის სათანადოდ შესწავლილი და არც მისი საფლავი ვიცით. მისი სახელობის ქუჩის გახსნით, ჩვენ გვინდა, პატივი მივაგოთ გრიგოლ ვოლსკის, როგორც ქართული საქმის დიდ მოამაგეს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, გრიგოლ ვოლსკის დამსახურება და კვალი საქართველოს ისტორიაში წარუშლელია და სასიხარულოა, რომ თბილისში მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა.

„მოხარული ვარ, რომ ასეთ ლამაზ ქუჩას ეწოდა გრიგოლ ვოლსკის სახელი. იგი ჩემი წინაპარია, იყო ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული საქმის განვითარებაში, განსაკუთრებით აჭარაში, როდესაც სამშობლოს დაუბრუნდა ეს კუთხე. მთელ საქართველოს ეკუთვნის გრიგოლ ვოლსკი, რაც მან გააკეთა ქვეყნისათვის. ეს იყო ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას საკმაოდ რთული დღეები ედგა,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო