ვანო მაჭავარიანი - „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო არენაზე არ აქვს რეპუტაცია, რომ მინსკის ჯგუფი ჩამოიყვანოს - სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად არ იცნობს არცერთ პრეზიდენტს რეგიონში

ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო არენაზე არ აქვს რეპუტაცია და ავტორიტეტი იმისთვის, რომ სამმხრივი, ოთხმხრივი და ხუთმხრივი შეხვედრა ჩაატაროს და მინსკის ჯგუფი ჩამოიყვანოს - მე ამის წინაპირობა ვერ დავინახე, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ამით მაჭავარიანი გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განაცხადს, რომ ქართული მხარე ადასტურებს მზაობას, დიალოგის გამართვის მიზნით საქართველო-აზერბაიჯანის კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „ფაქტობრივად არ იცნობს არცერთ პრეზიდენტს რეგიონში“.

„პრეზიდენტ მარგველაშვილის პერიოდში დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ მას სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებთან ძალიან მნიშვნელოვანი პირადი ურთიერთობები და ნდობა ჰქონდა. გახარიას აქტივობა რა არის საერთაშორისო არენაზე?! ფაქტობრივად არ არსებობს. ბაქო ელაპარაკება ანკარას სტრატეგიულ თემებზე, თავდაცვაზე, სომხეთი ელაპარაკება რუსეთს, მაგრამ ვის ელაპარაკება საქართველოს დღევანდელი ხელისფულება?! რა ურთიერთობები აქვს აშშ-სთან ისეთი, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი რაღაც ფორმით საქართველოზე გადმოვიდა, რა ფიზიკური გარანტიები და ვისგან ვიღებთ იმას, რომ შეაჩეროს ეს მიმართულება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს შეკრება დაგვიანებული იყო და ეს შეხვედრა, ძირითადად თავის მართლება იყო.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დაცვისა და ევროკავშირის გარანტიების გარეშე ძალიან ცუდ სიტუაციაში იქნება“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა