ვანო მაჭავარიანი ევროკავშირის წევრობაზე - ხელისუფლებამ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას გადააყოლა ევროპული მიმართულება, ამიტომ ევროპული მხარდაჭერა არ არის იმ დონის, რომ საკითხი გაიტანოს

როგორც ჩანს, არჩევნების პერიოდს ელოდებოდნენ და დააყენებენ ამ საკითხს თუ არ დააყენებენ, ესეც გამოჩნდება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს.

მაჭავარიანის განმარტებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის საკითხი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდიდან განიხილება.

„როდესაც ასეთ განაცხადს აკეთებდა ბალტიის ქვეყნები თუ სხვა, შეთანხმებული იყო ევროკავშირთან. უნდა გყავდეს მხარდამჭერები, რომლებიც ამ საკითხზე შენთვის იმუშავებენ. მაინტერესებს, რომელი ქვეყნები დატოვა „ქართულმა ოცნებამ“ მის მხარდამჭერებად? ჩვენ გვყავდნენ ბალტები, ცენტრალურ ევროპელები, სად არიან ეს ქვეყნები?! ანუ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას გადააყოლა ევროპული მიმართულება და ამიტომ, ევროპული მხარდაჭერა არ არის იმ დონის, რომ ამ საკითხს ერთიანად მხარში დაუდგეს და გაიტანოს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს მიაჩნია, რომ მთელი რიგი კრიტერიუმებია, რომელსაც საქართველო არ აკმაყოფილებს.

„არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი და ერთ-ერთი არის კანონის უზენაესობის მიმართულება, რომელიც ყველგან არის სერიოზული პრობლემა და მთავარი კრიტერიუმი. ასევე, 2020 არჩევნების ჩატარების ხარისხი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმი ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანი გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ზოგჯერ საჭიროდ თვლის დაამყაროს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ ეს არის არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი გამოხატულება.

ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ იბარებს სახელმწიფო მოხელეებს, პრემიერ-მინისტრებს, პროკურორებს. ზურაბიშვილი თუ ამბობს, რომ ეს შეხვედრები მისი ინიციატივით დგება - ეს ზღაპარი შეუძლია მოუყვეს თავის ადმინისტრაციის უფროსებს. პოლიტიკურად ეს არის არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი გამოხატულება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიდის ბიძინა ივანიშვილთან და ვალდებულად თვლის თავს, რომ გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდეს მასთან. ვინც ასე არ ჩათვალა, რა დღეში აღმოჩნდა პრეზიდენტ მარგველაშვილის სახით, ნახეთ. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ვალდებულია, მაგრამ ჩემთვის ეს არის არაფორმალური მმართველობის, არადემოკრატიული ფორმა ადამიანთან, რომელსაც პრეტენზია აქვს ყველა და ყველაფერი მართოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა