ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებისგან მოისმინა მესიჯები, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია - იმედი მაქვს, ნათელ მაგალითს ვიხილავთ, რომ ქართული დემოკრატია უკან არ მიდის

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველო ოქტომბრის არჩევნების სახით, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს უახლოვდება, რომელსაც „ევროკავშირში ყველა გულმოდგინებით დააკვირდება“.

როგორც ევროპარლამენტარმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტექსტი იქნება.

„საქართველომ კარგი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის მხრივ. ეს დაპირებაა, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდგომ, საქართველოს დემოკრატია უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს. მე გარკვეულ დონეზე ვიყავი ჩართული ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში. ევრონესტის დელეგაცია დეკემბერში თბილისში იმყოფებოდა. შესაბამისად, მხარს ვუჭერ იმ შეთანხმებას, რომელმაც არჩევნები პროპორციული უნდა გახადოს და მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკური გავლენის პრაქტიკა შეაჩეროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. კარგია, რომ შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებით განხორციელდა, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, რადგან ცვლილებებისთვის მხარი ყველა ხელმომწერ მხარეს არ დაუჭერია, რურუას „ქეისისა“ და სხვა მიზეზების გამო, ეს კი, ალბათ, ის შედეგი არ იყო, რომელიც ყველა მხარეს სურდა, მაგრამ ახლა საქართველო ძალიან მნიშვნელოვან მომენტს უახლოვდება - საპარლამენტო არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს. ეს ისაა, რასაც ევროკავშირში ყველა გულმოდგინედ დააკვირდება. ეს ქართული დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტია,“- განაცხადა კუბილიუსმა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისგან იმის დადასტურებას ელიან, რომ ქვეყანაში დემოკრატია უკან არ მიდის და მართლმსაჯულების სისტემა პოლარიზაციის გარეშე მუშაობს.

„ევროკავშირისთვის დემოკრატია და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საკითხები გახდა, რადგან ამ კონტექსტში როგორც ორგანიზაციის წევრებს, ასევე არაწევრებ ქვეყნებს ვაკვირდებით. ეს ნათელი მესიჯია, რომელიც, იმედი მაქვს, ქართულ ხელისუფლებას ესმის. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტს ეწვია, სადაც ევროკავშირის ლიდერებისგან ეს მესიჯები მოისმინა. იმედი მაქვს, იმის ნათელ მაგალითს ვიხილავთ, რომ ქართული დემოკრატია უკან არ მიდის, არ იყენებენ ადმინისტრაცულ რესურსებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მართლმსაჯულების სისტემა კი პოლიტიზაციის გარეშე მუშაობს - ეს ისაა, რასაც მომავალი არჩევნებისგან ველით,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს