ხათუნა ბურკაძე - დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირზე გადის, რასაც ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- 29 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის ვიზიტს ნატოს შტაბ-ბინაში? ვიზიტის შედეგად რა ტიპის პრიორიტეტები გამოიკვეთა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგში?

- ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგისთვის.

რეგიონალური კონტექსტი საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს, რაც უფრო მკაფიოდ უნდა წარმოჩნდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებით, რომელიც ალიანსთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თუმცა დღევანდელი მოცემულობის სიღრმისეული ანალიზი მიანიშნებს, რომ არსებითი პაკეტის განახლება ან სხვა მსგავსი ინიციატივების განხორციელება საკმარისი არ არის. საქართველო ნატოში წევრობას იმსახურებს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლისთვის უნდა გადაიდგას მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც 12 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ პოლიტიკურ დაპირებას რეალობად აქცევენ.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლისთვის უნდა გადაიდგას მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც 12 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ პოლიტიკურ დაპირებას რეალობად აქცევენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში სხვადასხვა გზით, მათ შორის ავღანეთში ალიანსის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობით.

იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე საუბრისას გამოყო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი წვრთნების ჩატარების გაგრძელების აუცილებლობა.

ამასთანავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე.

- გასულ კვირას ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმაც, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებასა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე ისაუბრა.

ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ განხორციელებულ დეზინფორმაციულ მოქმედებებსა და კიბრეთავდასხმებზე, რომელთა მიზანი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი მოქმედებები, ასევე - დეზინფორმაციასთან ბრძოლა?

- საინფორმაციო ტექნოლოგიების ერაში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის საარჩევნო პერიოდშიც. ყოველივე ამას ცხადყოფს არაერთი ქვეყნის პრაქტიკა, რაც გლობალურ გამოწვევებზეც მიანიშნებს. სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კიბერსივრცის დაცვა უშუალოდ დაკავშირებულია დემოკრატიის, თითოეული ამომრჩევლის მონაცემის დაცვასთან.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამართული კიბერუსაფრთხოების ფორუმი ადასტურებს იმას, რომ კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში პრიორიტეტულია.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვაში.

USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გაისხნა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული არჩევნების დაცვას საზიანო გარე ზეგავლენისგან. შესაბამისად, ხსენებული ცენტრის დაფუძნებამ ხელი უნდა შეუწყოს მაქსიმალურად კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გაისხნა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული არჩევნების დაცვას საზიანო გარე ზეგავლენისგან. შესაბამისად, ხსენებული ცენტრის დაფუძნებამ ხელი უნდა შეუწყოს მაქსიმალურად კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას

თუმცა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებიდან გამომდინარე, უახლეს პერიოდში, აუცილებელია კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ერთიანი, სისტემური სტრატეგიული ხედვის მიღება და ყველა დონეზე დანერგვა.

რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მედეგობის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად უნდა განხორციელდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცნობიერების ასამაღლებლად დეზინფორმაციის სხვადასხვა ტექნიკის შესახებ, რათა ისინი ყალბი ამბების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი მედიაწიგნიერების პროექტების გაძლიერებაზე. ფაქტების დამოუკიდებელი გადამმოწმებლები და მკვლევარები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში.

შესაბამისად, აუცილებელია ციფრული პლატფორმების დაფინანსება, რომლებიც გააერთიანებენ დამოუკიდებელ მულტიდისციპლინურ ჯგუფებს. აღნიშნული ქსელები ხელს შეუწყობენ, ფაქტების შემოწმების გზით, დეზინფორმაციის დადგენასა და გამოვლენას.

- 29-30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოზეფ ბორელთან და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის წამომადგენლებთან.

ამ ეტაპზე საქართველომ ევროკავშირში ინტერგრაციის გზაზე რა ძირითადი პრიორიტეტები დაისახა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან რა ტიპის საკითხები გამოიკვეთა?

- საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, საქართველოს სტრატეგიული როლის მეტად გამოკვეთა და შესაბამისად, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის ალტერნატიული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების შექმნაში, რისთვისაც აუცილებელია ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითრება.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე, მხარეებმა საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონსტიტუციაში, სააარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.

კორონავირუსის პანდემიის დაძლევის მიზნით, ევროკავშირმა საქართველოს მიმართ კვლავ გამოხატა სოლიდარობა. კერძოდ, ბრიუსელის ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების შესახებ. ევროკაშირის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმისა, რომ იგი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია როგორც კრიზისის, ისე მშვიდობიან პერიოდში.

ევროკავშირის დახმარების მიზანია საქართველომ შეძლოს COVID 19-ის შედეგად წამოქნილ გამოწვევებთან გამკლავება, მათ შორის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება.ამასთანავე, მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები განიხილეს.

ევროკავშირის დახმარების მიზანია საქართველომ შეძლოს COVID 19-ის შედეგად წამოქნილ გამოწვევებთან გამკლავება, მათ შორის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება.ამასთანავე, მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები განიხილეს

გასული კვირა ევოინტეგრაციის კონტექსტში საინტერესო იყო არა მხოლოდ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, არამედ საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში შეიტანა ცვლილებები და მიიღო შრომის ინსპექციის შესახებ კანონი.

საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“ განსაზღვრავს შრომის ინსპქციის სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, ეხება შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილება ხელს უწყობს საქართველოს შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან გარკვეულწილად დაახლოებას და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

შრომის რეფორმის გასაგრძელებლად აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და სათანდო ფინანსური რესურსის გამოყოფა.

შრომის რეფორმის გასაგრძელებლად აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და სათანდო ფინანსური რესურსის გამოყოფა

- 1 და 2 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა და მიიღეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორ შეაფასებდით ამ დოკუმენტს და საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, როგორ უყურებთ საქართველოს ევროპულ პერსპეტივას?

- ევროპული საბჭოს ფარგლებში მიღებული დოკუმენტი განიხილავს საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობებს და მიესალმება იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ნდობის აღდგენას.

ბელარუსის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირი გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას მოამზადოს ყოვლისმომცველი ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმა დემოკრატიული ბელარუსისთვის.

დოკუმენტში ასახულია ევროკავშირის ლიდერებსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის 14 სექტემბრის შეხვედრის შედეგები და ყურადღება გამახვილებულია სი ძინპინის განცხადებაზე, რომ ჩინეთი 2060 წლამდე გეგმავს მიაღწიოს ნახშირორჟანგის ემისიის მინიმუმამდე დაყვანას.

დოკუმენტში საუბარია ყარაბაღში ვითარების უკიდურეს გამწვავებაზე. ამასთანავე, იგი შეეხება ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის საქმეს. საკითხთა ეს ჩამონათვალი მიანიშნებს, რომ საერთაშორისო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და საჭიროა გადაწყვეტის შესაბამისი გზების მოფიქრება. მით უფრო, გლობალური კრიზისის პირობებში კიდევ ერთხელ დავინახეთ ცვლილებების, გარდაქმნის აუცილებლობა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კოვიდ 19-მა აჩვენა ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობა, რაც მოითხოვს ახალი შესაძლებლობების შექმნას, რათა ეკონომიკა განვითარდეს.

ამასთანავე, საუბარია ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმისათვის, რომ რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია კიბერ საფრთხეებს გაუმკლავდეს. ასევე, დოკუმენტი წევრი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში ციფრული უნარების განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი უნდა გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი უნდა გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად

საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც ჩვენგან მოითხოვს მეტ ინოვაციურ რეფორმას ყველა საკვანძო მიმართულებით, თუმცა ეს უნდა შევძლოთ.

ამავდროულად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მიიღოს პოლიტიკური დაპირება, რომ წევრობის შესაბამისი პროცედურების დაწყებისა და წარმატებით განხორციელების შედეგად შეძლებს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. დემოკრატიული, სტაბილური და განვითარებული საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირზე გადის, რასაც ალტერნატივა არ აქვს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა