მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი - ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო

გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არამედ ის იმ პერიოდში ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით დადასტურდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძე გადმოვარდნილიყო.

როგორც გაგი მოსიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, სასამართლომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანისას მოქმედებდა არა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, არამედ იმ განცდებითა და შთაგონებით, რომ სასამართლოს საზოგადოების დაკვეთა შეესრულებინა.

„ფაქტია, სასამართლომ საქმის არსებითი გამოკვლევის დროს დადგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდა, გარდაცვლილი პირის დისკრედიტაცია, ამ გარემოებას რა თქმა უნდა, ვემიჯნებით, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, საზოგადოებამ იცოდეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც საქმის არსებითი გამოკვლევის დროს გამოიკვეთა.

გამოიკვეთა ის, რომ ლუკა სირაძეს, გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და ძმა განმარტავს, რომ ის ტელეფონით ეჩხუბა. ფაქტია ის, რომ ელიკო ჩხიტუნიძეს, ანუ ლუკა სირაძის დედას გარკვეული სახის კონფლიქტი მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მარიანა ჩოლოიანს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თავად დედას გარდაცვლილთან კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რბილად რომ ვთქვათ მისი სიტყვებით „მან ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა“. ფაქტია ისიც, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა, როდესაც მრავალკორპუსიანი საცხოვრებელი ადგილიდან გადმოვარდა, სისხლზე ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ სამწუხაროდ, იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც არა გამოძიებამ, არამედ დაცვის მხარემ ჩაატარა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო არის თავისუფალი ვარდნა, ანუ გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია. მას თავი არ მოუკლავს, ის იმ პერიოდში იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ეს დადასტურებული ფაქტია და არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო. ამასთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან და არც ამაზე საუბრობს ვინმე“,-აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომელიც მარიანა ჩოლიანის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას დაადასტურებდა.

„შატნაჟთან დაკავშირებით, რომელზეც ასე აპელირებს ბრალდები მხარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მხოლოდ დედის, დაინტერესებული პირის ჩვენებაა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ბრალდებამ გაბედა და მტკიცებულება ფაქტობრივად დამალა, არ წარმოადგინა ის მტკიცებულება, რომელიც თუნდაც იმ კითხვაზე პასუხს სცემდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რატომ გაჩერდა ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი - ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა