რომან გოცირიძე - „ოცნებისთვის“ მთავარია სასამართლო კლანი თავს კომფორტულად გრძნობდეს - ეს სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს

„ქართული ოცნებისთვის“ მთავარია სასამართლო კლანი თავს კომფორტულად გრძნობდეს და ნაცადი ხერხებით განაგრძოს პარტიის და ოლიგარქის სამსახური,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის იმ დონის გაფრთხილება, რომელმაც შემდგომ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე.

„სასამართლოები ივანიშვილისადმი პირადი მორჩილებით გამორჩეული ადამიანებითაა დაკომპლექტებული და ხელისუფლებას არ აწყობს რაიმე ისეთი მექანიზმი დაინერგოს, რომელიც ხელს შეუშლის მოსამართლეთა ამ ნიშნით დაკომპლექტებას.

ეს არის ძალაუფლების უზურპაციის ბოლო ინსტანცია, სადაც დამნაშავედ გამოაცხადებ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და კონკურენტ ბიზნესს ფინანსურად არ გაახარებ.

არც წინასაარჩევნო პერიოდს მოერიდნენ და სასწრაფო წესით მოხდა ამ შესწორების მიღება კანონში. მათთვის მთავარია, მათი იუსტიციის საბჭოში კლანი თავს კომფორტულად გრძნობდეს და კვლავ ნაცადი ხერხებით გააგრძელოს პარტიის და ოლიგარქის სამსახური.

ეს სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს. ამას ითვალისწინებს ჩვენი საპროგრამო გეგმებიც,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო