ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც საბიუჯეტო სახსრებიდან ასეულობით მილიონი ლარის ტენდერების მომგები კომპანიები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების ახლო ნათესავები

„ქართული ოცნების“ ღია ხელწერაა, როდესაც საბიუჯეტო სახსრებიდან ასეულობით მილიონი ლარის ტენდერების მომგები კომპანიები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები და მათთან სხვადასხვა კავშირში მყოფი პირები, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევას, რომლის მიხედვითაც ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ.

აბესაძის განცხადებით, ამ ყველაფერს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ეს არის ერთი მავნებლობა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და უმატებს მეორეს, როდესაც ხშირ შემთხვევაში ეს პროექტები ხორციელდება უხარისხოდ ანუ საზოგადოება რჩება ორმაგად დაზარალებული. ერთი, რომ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები და იპარავენ ბიუჯეტის ფულს და მეორე - შესრულებული სამუშაოებიც არ რჩება საზოგადოებას, რომ შემდგომში გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით მაინც ისარგებლონ. ეს არის სიტუაცია, რომელსაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

ამ შემთხვევაში, არ მგონია კახეთი იყოს გამონაკლისი, ძალიან ბევრ რეგიონში ვხვდებით, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეების, მერების, დეპუტატების და მინისტრების ოჯახის წევრები არიან ტენდერების მომგებები. შეიძლება კახეთში ეს მომეტებულად არის და ღარიბაშვილის დროიდან „კახური კლანის“ ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, თუმცა არც ერთი რეგიონი არ არის გამონაკლისი. სამწუხაროდ, ყველგან დაწესდა ბიუჯეტის ფლანგვის და სამუშაოს არშესრულების სტანდარტი“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ. დოკუმენტის მიხედვით, ასევე ზოგ შემთხვევაში იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები. ამასთან, „კვლევამ გამოკვეთა „მბრუნავი კარის” პრობლემის აქტუალობა კახეთის მუნიციპალიტეტებში, როდესაც არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა