ეკა ბესელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებებზე - პარლამენტმა 4-წლიანი მუშაობა დაამთავრა ზუსტად ამ საბედისწერო კანონით და ევროკავშირის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

პარლამენტმა თავის 4 წლიანი მუშაობა დაამთავრა ზუსტად ამ საბედისწერო კანონით და ევროკავშირის მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას საუბარი ჰქონდა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და მათ გაუკვირდათ, რომ კანონპროექტის დამტკიცებას პარლამენტი მესამე მოსმენით მათი საბოლოო შეფასების გარეშე გეგმავდა.

„როგორი მწარე ბედიის ირონიაა მმართველი პარტიისთვის, რომ ყველაფერი აუხდათ, რაც ვუთხარი. მათ არ დაიჯერეს არც ჩემი, არც საერთაშორისო პარტნიორების და არ გამოიჩინეს ელემენტარული კეთილგონიერება. არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას მაშინ, როცა თავად მიმართეს ვენეციის კომისიას და გაუგზავნეს ექსპერტიზისთვის მთავარი კანონი, რომელიც მოსამართლეების არჩევის წესს ეხება. იმ დღეს, როცა მესამე მოსმენით იღებდა პარლამენტი ამ კანონს და ეს იყო ბოლო დღე, მე საუბარი მქონდა ვენეციის კომისიასთან. ვიდეო კონფერენცია იყო და მათ გაუკვირდათ, როცა გაიგეს, რომ ბოლო დღე იყო საპარლამენტო მუშაობის და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მესამე მოსმენით ამ კანონის მიღებას აპირებდა, გაუკვირდათ იმიტომ, რომ ისინი ამ კანონზე მუშაობდნენ და შემდგომი კვირისთვის აპირებდნენ საბოლოო დასკვნის გამოტანას.

მე უმრავლესობა მაშინ საჯაროდ გავაფრთხილე, რომ კიდევ ერთ საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ამის მიუხედავად, ისინი არ დაელოდნენ ვენეციის კომისიას. ეს არის ის საზიანო ქმედება, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა როგორც „აქილვესის ქუსლი“ და მგონი ეს არის არის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც მთლიანად დააზიანა მმართველი პარტიის იმიჯი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ქვეყნის იმიჯსაც ეხება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ დახმარების მეორე ნაწილის მიღება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„საქმე ეხება 140 მილიონიან ტრანშს, რომლის ნაწილიც გადმორიცხულია, ხოლო ნაწილის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო მართლმსაჯულების რეფორმა. ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის პროცესში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მართლმსაჯულების რეფორმას. სამწუხაროდ, ყველაფერი ასე აუხდათ, როგორც ვეუბნეოდი, მაგრამ ვერ ისწავლეს ვერც საკუთარი შეცდომებით, ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს მთელი ამ პროცესებიდან, რაც ახლა ხდება,“- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს