დავით ბაქრაძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარსულზე, კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ თუ გვინდა წინსვლა, ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილება 31 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა მოიტანოს. როგორც მან „ევროპული საქართველოს“ გეგმის წარდგენისას განაცხადა, პარტია მზად არის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ღირსეული მომავლისთვის იბრძოლოს.

„ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, რადგან დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. იმიტომ, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, მატულობს უმუშევრობა, იმიტომ, რომ ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი და იზრდება ფასები. იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჭირს თავის გატანა და ოჯახის შენახვა. იმიტომ, რომ ჩვენს ქუჩებში დაბრუნდა კრიმინალი, რომელიც დამარცხებული იყო, იმიტომ, იმიტომ...

ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა, რის გამოც ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ყველა გარდამტეხი ცვლილება უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა. ვინ შეიძლება მოიტანოს ეს ცვლილებები?! გუნდმა, რომელსაც აქვს ხედვა და გამოცდილება, გუნდმა, რომელსაც გაუკეთებია საქმე და დაუნახებია ამ საქმის კარგი და ცუდი შედეგიც. ჩვენ დღეს ვართ არჩევანის წინაშე, დავტოვოთ აწმყო? არის ერთი მხარე, რომელიც გვეუბნება, რომ დავტოვოთ აწმყო, დავტოვოთ ეს ჭაობი, რომელშიც დღეს ვართ და ყველაფერი კარგად არის. არა, ჩვენი არჩევანი არ იქნება აწმყოს და ჭაობის დატოვება, მაგრამ ასევე მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არ იქნება არც 2012 წელში დაბრუნება, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარსულზე, კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ თუ გვინდა წინსვლა, ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მთავარი პრინციპია: ნაკლები ფული, ნაკლები კეთილდღეობა, ნაკლები ძალაუფლება მთავრობას და მეტი ფული, მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა ხალხს.

„ეს არის ჩვენი პრინციპი, ჩვენი ცვლილება და სწორედ ეს ცვლილება სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ წავიდეთ წინ, მომავლისკენ, რომ 2021 წელი იყოს უკეთესი და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ“,- განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა