შალვა შავგულიძე - სწორედ მრავალფეროვანი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს

მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, უნდა დასრულდეს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ის კოალიციურმა მთავრობამ უნდა ჩაანაცვლოს, რომლის მოთხოვნაც საზოგადოებაშია. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, სწორედ კოალიციურ მთავრობას, მრავალფეროვან ერთიანობას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

„მადლობას ვუხდი „ევროპულ საქართველოს“ პარტნიორობისა და შესაძლებლობისათვის, მოხარული ვარ, რომ ამ კვალიფიციურ და ჭეშმარიტად ქვეყნის მოყვარულ გუნდთან ერთად მომეცა შესაძლებლობა ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რომ მათი სახელით ვიბრძოლო მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ.

ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმ ღირებულებების და სიკეთეებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებისათვის, რომლის გარეშეც მშვიდად ვერ ცხოვრობს ადამიანი. სამართლის უზენაესობა აუცილებელი პირობაა ეკონომიკის განვითარებისათვის, ვინაიდან უსამართლო ქვეყანაში არც უცხოური ინვესტიციები შემოდის დ არც ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევისათვის, საერთაშორისო განათლების სტანდარტის შექმნისათვის, შშმ პირების და პენსიონერების ღირსეული ცხოვრებისათვის, დევნილთა და ომის ვეტერანთათვის, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისათვის, სამართლიანი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკისათვის და ა.შ.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მისი დაცვის და შენარჩუნებისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ქვეყანაში ბედნიერებისაკენ ადამიანის სწრაფვის უფლების უზრუნველყოფისათვის, ყოველივე ამას კი ხელს უშლის ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ და შევცვალოთ.

დიახ, ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების განხორციელება არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლური ოპოზიციური ძალების მაქსიმალურ კოორდინაციასა და გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაში მდგომარეობს. ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობაზე უარის თქმა და ქვეყნის კოალიციური მთავრობით მართვა წარმოადგენს დღეს საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნას და ამ მოთხოვნის შესრულებაშია გამარჯვების გასაღები. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და გავიმარჯვებთ“, - განაცხადა შავგულიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს