„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონით მანიპულირება მოახდინა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონით მანიპულირება მოახდინა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-დან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, შეზღუდული რესურსის პირობებში, მხოლოდ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული პირები შეისწავლა.

„2020 წლის 21 სექტემბრისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დაასრულეს და მათი სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ჩვენმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, შეზღუდული რესურსის პირობებში, მხოლოდ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული პირები შეისწავლა და გამოავლინა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 94 წევრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სხვადასხვა საუბნო კომისიაში პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ამავე დროს, დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებით და პარტიული აქტივის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად არჩევა ფორმალური საფუძვლით შენიღბა. კერძოდ, 2019 წლის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩათვალა ბოლო საერთო არჩევნებად და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტთან ფორმალურ შესაბამისობაში მოიყვანა.

საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამდაგვარი წაკითხვა შორდება კანონმდებლის ნამდვილ ნებას და პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების მიზანს ეწინააღმდეგება. რიგგარეშე არჩევნები, რომელიც რამდენიმე თვით შეიძლება უსწრებდეს მორიგ არჩევნებს, არ უნდა გახდეს შეზღუდვის თავიდან აცილების საშუალება. შეუძლებელია, კანონმდებელმა რიგგარეშე არჩევნების პერიოდულობა წინასწარ განჭვრიტოს, შესაბამისად, 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონით მანიპულირება მოახდინა.

პრობლემურია მერის რიგგარეშე არჩევნების საერთო არჩევნებად მიჩნევა. არსებული ინსტიტუციური მოწყობის პირობებში, საკრებულოს და მერის რიგგარეშე არჩევნები თვისობრივად განსხვავდება საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისგან - ის თავისი არსით არ არის საერთო არჩევნები.

კერძოდ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ამასთან, არა უფლებამოსილებაშეწყვეტილი პრეზიდენტის ან/და დათხოვნილი პარლამენტის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, არამედ ახალი, სრული ვადით. ამ შემთხვევებში, რიგგარეშე არჩევნები თვისობრივად მორიგი არჩევნების მსგავსია ერთადერთი სხვაობით - უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო არჩევნების თარიღი ვერ ემთხვევა მორიგი არჩევნების კონსტიტუციურ კალენდარს. საკრებულოს და მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. შედეგად, მერის რიგგარეშე არჩევნები თავისი ბუნებით ახლოს დგას შუალედურ არჩევნებთან, რადგან ხდება კონკრეტული პოზიციის შევსება დარჩენილი ვადით.

მაშასადამე, მერის/საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები (პრეზიდენტის და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისგან განსხვავებით) თვისობრივად განსხვავდება მორიგი არჩევნებისგან, რადგან არ ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და არც კონკრეტული ორგანოს/თანამდებობის პირის სრული უფლებამოსილების ვადით. შედეგად, ის თავისი ბუნებით ვერც „საერთო არჩევნების“ ლოგიკას პასუხობს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის საჩივრები შეისწავლა და გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად დატოვა. მიგვაჩნია, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ფაქტები უფრო მნიშვნელოვანი იყო და საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა განეხილა ისინი შინაარსობრივად.

რიგგარეშე არჩევნების მიჩნევა ბოლო საერთო არჩევნებად გამოწვეულია ხელისუფლების სურვილით, გავლენა შეინარჩუნოს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, რაც ფიქციად აქცევს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მეორე პირორიტეტულ რეკომენდაციას. ჩვენი შეფასებით, პოლიტიკური ზეგავლენის გათავისუფლება შესაძლებელია თუ შეზღუდვა გავრცელდება ყველა/ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს/არჩევითი თანამდებობის პირის ბოლო საერთო არჩევნებზე“, - ნათქვამია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს