გიორგი გახარია - ყველას გათავისებული გვაქვს მაღალი რისკის შემცველი ჩვენი მოქალაქეები - სამედიცინო სექტორის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება ასეთ პაციენტებზე

იმ შემთხვევაში, როდესაც ელემენტარული სიმპტომები გვიჩნდება, პირველი უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს ან უნდა დავრეკოთ 112-ზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები დატრენინგებულები არიან თუ როგორ უნდა მართონ პაციენტი.

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ვერც ერთმა უძლიერესმა სისტემურმა სახელმწიფომ უფრო ეფექტური და ქმედითი წესები ან მკურნალობის უკეთესი გზები ვერ შესთავაზა პირბადის ტარების, სოციალური დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვის გარდა. პირველადი ჯანდაცვის, 112-ის დონეზე სრულად დატრენინგებულებია ყველა შესაბამისი თანამშრომელი, როგორ უნდა მართონ ადამიანი, როცა მას გაუჩნდება სიმპტომი, რა შემთხვევაში უნდა იყოს იზოლაცია და ბინაზე მკურნალობა, რა შემთხვევაში უნდა იყოს ტესტირება და სტაციონარში გადაყვანა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდება გახლავთ ის, რომ დავიცვათ წესები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ და ჩვენი ექიმები გვთავაზობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა, ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა მაღალი ხარისხის დისციპლინის დაცდა, ხოლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სწრაფი გამოვლენა, ეფექტურად მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება.

„ჩვენ ყველას გათავისებული გვაქვს მაღალი რისკის შემცველი ჩვენი მოქალაქეები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამ შემთხვევაში სამედიცინო სექტორის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება ასეთ პაციენტებზე და ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ასეთ მოქალაქეებზე. საბოლოო ჯამში მოქალაქეების პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა, ორგანიზაციების, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა მაღალი ხარისხის დისციპლინა. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობა იქნება რამდენად ეფექტურად იქნება მართული კოვიდის რისკები იმ პროტოკოლების შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის მხრიდან არის დამტკიცებული.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და შედგება სწრაფი გამოვლენით, რაც ნიშნავს ტესტირების ეფექტურ და მიზნობრივ მართვას, სწრაფი მკურნალობით, რაც ნიშნავს კლინიკური პროცესის ეფექტურ მართვას და რა თქმა უნდა, ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა