არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას განცხადებას ცინიკურს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ცინიკურს უწოდებს.

როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ინტერესია რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, ცინიკურია ბრალდება, რომ საქართველომ ჩაშალა მოლაპარაკებები, სადაც ამ პირობების შესრულებას პერმანენტულად ითხოვს.

თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ჟენევის ფორმატში მუშაობას კვლავ გააგრძელებენ.

„ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური ინტერესი ამ პროცესში არის, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვალდებულებები და პირობები და საქართველო დატოვოს რუსეთის ჯარისკაცებმა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენს რეგიონებში, დასრულდეს ოკუპაცია, მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგება. ეს არის ერთადერთი ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. ასევე, გაცხადებულია და როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო ფორმატებში ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველო ამ პრობლემის გადაჭრას ხედავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესით, დემოკრატიული განვითარებით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით და იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, სიმართლე არის სწორედ საქართველოს მხარეს, ვინაიდან, სწორედ რუსეთის ჯარისკაცები იმყოფებიან ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა ჩვენი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ჩავშალეთ რაიმე მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ ამ პირობების შესრულებას, ეს არის ცინიკური და მე იმედი მაქვს, რო მხარეები ამ ფორმატში გააგრძელებენ ჩვენთან ერთად მუშაობას და იქნება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებული, რასაც მოითხოვს საერთაშორისო სამართალი და თავად რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის თაობაზე, უსაფუძვლო და პოლიტიზებულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა