ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად, სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებიც გაკეთდება. ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღის მშენებლობა.

„ეს იყო ჩვენი დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ იყო სპორტული დარბაზი, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვუწოდო მას სპორტული დარბაზი, ალბათ ნახეთ კადრები და ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია, თუ რა მდგომარეობა იყო, სრული კატასტროფა ხდებოდა. დღეს ეს სივრცე არის განახლებული და რეაბილიტირებული. ორი დიდი დარბაზია - სატრენაჟორო დარბაზი და საჭიდაო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. აქვე, მომავალ წელს ვგეგმავთ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების პროექტის განხორციელებას, გვერდით იგეგმება საბავშვო ბაღის მშენებლობაც. ეს იქნება ძალიან დიდი, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით. დაახლოებით 500 მოზარდის მიღება შეგვეძლება მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდ ლილოში, ვარკეთილის დასახლებაში არსებული შენობის რეკონსტრუქციის და რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 906 179 ლარს შეადგენს.

ჭიდაობის დარბაზი თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დაათვალიერა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა