კახა კალაძე - დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ  საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს საუბარი უმძიმეს ფაქტზე, საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი. გამოძიების მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლება. შედეგად, 3500 ჰექტარი ქართული მიწა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა! ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ - ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული! აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა