მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს სურვილი აქვს, დამნაშავეებს მხარი დაუჭიროს და ამით მოახდინოს თვითლუსტრაცია სამშობლოს გაყიდვის და ღალატის, ეს მისი საქმეა

ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორად იქცეოდა და ნურავის ეტკინება თუ ეს სტრუქტურები გამოამჟღავნებენ, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ეს თუ სხვა პერიოდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაული სამშობლოს ღალატი და გაყიდვაა.

„მე თქვენ და საზოგადოებას შემიძლია ასეთი რიტორიკული კითხვა დავუსვა, თუ კონკრეტული მასალები გამოჩნდება, კონკრეტული ადამიანი მიიტანს ამას თავდაცვის სამინისტროში, თქვენ რომ იყოთ თავდაცვის მინისტრი, როგორ იმოქმედებდით? აუცილებლად გადასცემდით ამ მასალებს პროკურატურას, ხომ ასეა?

თუ პროკურატურაში მასალები შევიდოდა, რომლებიც კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, წინასაარჩევნო პერიოდის გამო გამოძიებას გააჩერებდით თუ დაიწყებდით? მემგონი უნდა დაიწყოთ ხომ?

აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორად იქცეოდა და ნურავის ეტკინება თუ ეს სტრუქტურები გამოამჟღავნებენ, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ეს თუ სხვა პერიოდი. პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ, აქ საუბარი სამშობლოს გაყიდვას შეეხება. ეს დანაშაული ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ დაიცვას ის კონკრეტული სავარაუდო დამნაშავეები, რომლებსაც ერთ შემთხვევაში სადღაც სეიფში ჰქონდა შეკუჭული რუკა, რომელთან დაკავშირებითაც შედგა 1996 წელს შეთანხმება, ეს არის თუ არა პრობლემა ესეც საზოგადოებამ გადაწყვიტოს.

თუ ვინმეს აქვს სურვილი, ასეთ დამნაშავეებს მხარი დაუჭიროს და ამით მოახდინოს თვითლუსტრაცია სამშობლოს გაყიდვის და ღალატის, ეს მისი საქმე და მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“,-აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული რუკის შესახებ ადრევე რომ ყოფილიყო ინფორმაცია, მაშინ შესაძლოა 2006-2007 წლებშივე საკითხი სხვაგვარად გადაწყდებოდა, თუმცა მდინარაძის თქმის, როგორც ჩანს ეს არ იყო მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი.

„მთელი „ნაცმოძრაობა“ დგას, აქციებს აანონსებენ და პროტესტს გამოთქვამენ, თურმე იმ ადამიანს უნდა დავუჭიროთ მხარი, რომელმაც ის რუკა გადამალა, რომლითაც საზღვრები საქართველოს სასარგებლოდ უნდა დადგენილიყო. მე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ გვილაპარაკია მაგალითად თანხაზე. მიხეილ სააკაშვილმა, იყნოსა თუ არა სიტუაცია, როგორც ჩანს რაში იყო საქმე, ერთი კვირის წინ გამოვარდა, თავის დაზღვევა მოახდინა თუ წამოსცდა რაღაც და ასეულობით მილიონებზე ილაპარაკა. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ არის ის მტრული ძალა ქვეყანაში, რომელიც ასეთ დანაშაულებებს უშვებს, როგორც მინიმუმ “,-აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს