დირექტორის განცხადებით, სკოლა „ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს 5 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა

სკოლა „ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს ორშაბათს, 5 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა, შავლეგ ურუშაძემ განუცხადა, მომხდარი ფაქტის გამო, დაინფიცირებული მოსწავლის კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„მოსწავლეს კორონავირუსი ორშაბათს, 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. როგორც ოჯახის ეპიდემიოლოგმა გვითხრა, მისი ინფიცირების სავარაუდო წყარო ბებიაა. მოსწავლის შესაძლო კონტაქტები, მოსწავლეები და დამრიგებელი, თვითიზოლაციაში არიან. თუმცა, თავად მას სიმპტომები არ აღენიშნება. 1-ელ ოქტომბერს მოვიდა, როდესაც სწავლა დაიწყო. პარასკევს არ ყოფილა, შაბათ-კვირას დასვენება დაემთხვა და ორშაბათს უკვე პასუხი იყო. შაბათს ვირუსი მის ბებიას დაუდგინდა. როდესაც გავიგეთ, რომ მათ ოჯახში ინფიცირებული იყო, ბავშვებს ვთხოვეთ, მასაც გაევლო ტესტირება და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის ცენტრია ჩართული და მათი მხრიდან რა რეგულაციებიც გვაქვს, ვითვალისწინებთ.

რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, ეს კლასი გადასულია ონლაინ სწავლებაზე და კიდევ მეექვსე კლასი. რეალურად, ამის ვალდებულება არ გვქონდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საკლასო ოთახები ერთმანეთთან ახლოს იყო, მშობლებმა გვთხოვეს, ეს კლასიც სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულიყო“ , -აღნიშნავს შავლეგ ურუშაძე.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, ინფიცირებულ მოსწავლეს თანაკლასელებთან პირდაპირი, უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, შესაძლოა, მშობლებმა თავიანთი სურვილით ბავშვებს მაინც ჩაუტარონ ვირუსზე ტესტირება.

„შესაძლოა, მშობლებმა თავიანთი ნებით ჩაუტარეს ბავშვებს ტესტირება. ჯერჯერობით კონკრეტული მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ალბათ, მშობლები ჩაუტარებდნენ, რადგან ბუნებრივია, შეშინებულები იქნებოდნენ“,-აცხადებს ურუშაძე.

მისი განმარტებით, სკოლა „ოპიზაში“ სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ტარდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლის ოთახი დაილუქა და დეზინფექცია განსაკუთრებულ პირობებში ჩატარდა.

როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, ინფიცირებული სკოლის მოსწავლე თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.

„მოსწავლეს PCR ტესტირება არ ჩატარებია, მხოლოდ ე.წ. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. დღეს ვესაუბრე და თავს კარგად გრძნობს. სპეციალისტებისგან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან რეკომენდაციებს ველოდებით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტის ვალდებულება არ გვაქვს. თუ რომელიმე კლასი შეთანხმდება ან მშობლებისგან იქნება მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდის გამო, ჩვენ ონლაინ სწავლებას დავთანხმდებით. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე კვლევაც ჩავატარეთ. ვინაიდან, მოსწავლეს არც გამოვლენილი სიმპტომები ჰქონდა და არც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, არ არის საპანიკო მდგომარეობა, რომ სწავლა შევწყვიტოთ. თუმცა, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსწავლეებთან, თუ რომელიმე მათგანს რაიმე სიმპტომი გამოუვლინდება ან ვირუსი დაუდასტურდება, უფრო სერიოზულ ღონისძიებებს გავატარებთ. სკოლა ვიქნებით ინიციატორი, რომ მათთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი ყველა პიროვნება, მასწავლებელი თუ მოსწავლე, პირველ ეტაპზე სწრაფ ტესტირებაზე შემოწმდეს და თუ საჭირო გახდება, უფრო სიღრმისეულ PCR კვლევაზეც“, -განაცხადა შავლეგ ურუშაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"