მამუკა სალუქვაძე - თბილისის ცენტრალური პარკით როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელიც ისარგებლებენ და არ არის საჭირო ამ თემის პოლიტიზირება

თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის განთავსება მისასალმებელი ფაქტია და აღნიშნული თემის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, თბილისს ნამდვილად სჭირდება გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიები.

„მოდით, ყველანი საკითხის პოლიტიზირებას შევეშვათ. გასაგებია, მოვისმინეთ ეს ყველაფერი და შევაფასეთ, ახლა მთავარზე ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქალაქისთვის. მოგეხსენებთ, ეს არის ქალაქის გენგეგმის ერთ-ერთი კონცეპტუარული მიმართულება. პარკების მშენებლობა, გამწვანებული ტერიტორიების განახლება თუ სხვა, ეს ყველაფერი ჯდება ამ კონცეპტუალურ მიმართულებაში. ამის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელიც იქნებოდა ქალაქში სრულფასოვნად ცხოვრება. როგორც „ქართული ოცნებისთვის“ არის არჩევნები, ასევეა ოპოზიციისთვის. კარგი ფაქტი მოხდა და ვაღიაროთ, რადგან ამით მომავალში ისარგებლებს როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენელიც. აბსოლუტურად არ არის საჭირო ამ თემის პოლიტიზირება“, - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, სხვადასხვა პირები მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას დედაქალაქს გადასცემენ.

„მნიშვნელოვანია, ასეთი საქციელი მოვიწონოთ. თბილისში ძალიან ბევრი ისეთი ტერიტორიაა, რომელიც კერძო საკუთრებაშია. თუ სხვა კერძო მესაკუთრეებიც დაფიქრდებიან და ასეთ ტერიტორიებს ქალაქს დაუბრუნებენ, ეს მისასალმებელი იქნება, რადგან ხალხს ნამდვილად სჭირდება გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიები. მიწათსარგებლობის გენგემის ფარგლებში დათვლილი იყო, თუ რა წილია რეკრეაციის და ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით. მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან გამწვანებისა და რეკრეაციის წილი უმდაბლეს მაჩვენებელზეა“, - აცხადებს სალუქვაძე.

ის ოპოზიციის მხრიდან „ქართუს“ მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა 8 ჰექტარი ფართობი პირად საკუთრებაში დაიტოვა. როგორც მამუკა სალუქვაძე განმარტავს, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სახით №1 სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე კერძო მშენებლობა არ შეიძლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო