ნათია თურნავა - კარგად გვესმის მცირე საოჯახო სასტუმროების გამოწვევები და მათი შემდგომი დახმარების მიზნით, ბანკებს სესხების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მივმართეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და მცირე საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესახებ იმსჯელეს.

ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ტურიზმის წყალობით ჩატარდა, პანდემიის გამო ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვლავაც განიცდის პრობლემებს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით და კარგად გვესმის ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კი მცირე საოჯახო სასტუმროების პრობლემები, ვისაც მძიმედ აწევს ბანკების წინაშე არსებული დავალიანება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ამ ბიზნესს და ძალიან ბევრი შეღავათი დაუწესა.

„თუმცა, კარგად გვესმის, რომ ამ ბიზნესებს კვლავაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. სწორედ ამ მიზნით გუშინ წამყვან ბანკებთან, მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გავმართეთ, ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ კვლავინდებურად მოახდინონ იმ სესხების რესტრუქტურირება, რომელიც მცირე საოჯახო სასტუმროებს დაუგროვდათ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები გრძელდება და ჩვენ ყველა კვლავაც გვერდში უნდა დავუდგეთ მათ. ბანკების მხრიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ როგორც კი მცირე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მიმართავენ, მზად არიან, თითოეული კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, განიხილონ სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო