ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სქმეზე ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს სახელმწიფო ბრალდებას საკუთარ შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.
ადვოკატის თქმითვე, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ განხორციელდა გიორგი შაქარაშვილისთვის დაზიანებების მიყენება.
„დღეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა, შემდეგ პროცესზე ჩვენ წარმოვადგენთ დაცვის მხარის შესავალ სიტყვას. ბრალდების მხარემ ყველაფერი ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს, გარდა ერთი დეტალისა - როგორ მოხდა გარდაცვლილ შაქარაშვილზე დაზიანებების მიყენება, როგორ მოხდა მისი წყალში ჩავარდნა, რა ვითარებაში განხორციელდა ეს, ვინ არის ამის დამნახავი და ა.შ. ბრალდების მხარეს მსგავსი არაფერი უთქვამს. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირებმა განახორციელეს დაზიანებების მიყენება. ბრალდების მხარე ასევე შეეხო იმ გარემოებებს, რომ ამ პირებს სხვა ბრალიც აქვთ წარდგენილი და მიმდინარეობს მათი საქმის არსებითი განხილვა.
პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და შესაბამისად, ვერც იტყოდა ბრალდების მხარე, როგორ განხორციელდა იმ დაზიანებების მიყენება რაც გარდაცვლილს ჰქონდა და ასევე, წყალში როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც ამ საქმეზე დაიდება, ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა გელხაურმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები არიან - არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ., ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი.