აშშ-ს საელჩო - ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში.

„აშშ-ის საელჩო იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე, როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც იმავე მონაწილის მიერ გაუქმდა. მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, ვინც COVID-19 პანდემიის პირობებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის საქმიანობს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ.

ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში, მათ შორის იმ საჭიროებებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო არათანაზომიერად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას გააჩნიათ.

ვგმობთ რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოვუწოდებთ მათი მყისიერი გათავისუფლებისაკენ. მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას.

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო