ანკარის ინფორმაციით, საბერძნეთი და თურქეთი ორმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

თურქეთი და საბერძნეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შექმნილი რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, ნდობის აღდგენის ზომებსა და ორმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მან შესაბამისი ინფორმაცია ბერძენ კოლეგასთან, ნიკოს დენდიასთან განხეთქილების შემდგომ გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

სლოვაკეთში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მყოფმა ჩავუშოღლუმ, სახელმწიფო მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთი უმასპინძლებს მოლაპარაკებების პირველ რაუნდს, თუმცა ჯერ მხარეები შეხვედრის თარიღზე უნდა შეთანხმდნენ.

„დღეს, ფორუმის ფარგლებში, 20-25 წუთიანი შეხვედრა მქონდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასთან. ამ შეხვედრის განმავლობაში, ჩვენ შევთანხმდით საცდელ მოლაპარაკებებზე და ნდობის აღდგენის ზომებზე, რომელიც შემდგომ პერიოდში განხორციელდება. რამდენადაც თურქეთი უმასპინძლებს მოლაპარაკებებს, ამ შეხვედრებისთვის თარიღებს მათ ჩვენი მხარე შესთავაზებს. მე დენდიასს ვუთხარი, რომ ურთულეს ვითარებაშიც კი დიალოგის შენარჩუნება მომგებიანია და ჩვენ დღეს ამაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი რესურსების საძიებო ოპერაცია განაახლა, რასაც საბერძნეთი უკანონოს უწოდებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს