მამუკა ტუსკაძე - ჩემზე ზეწოლას ბესო ზედელაშვილი ახორციელებს, ხოლო ჩემი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან

სახელმწიფო ძალადობს საარჩევნო სუბიექტებზე და არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, ჩემზე ზეწოლას ახორციელებს ბესო ზედელაშვილი, ხოლო ჩემი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქ რუსთავის მესამე ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, გელა ზედელაშვილმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აღძრა.

„შემიძლია, ახლავე მოგასმენინოთ, თუ რა სახის ზეწოლა განახორციელა ჩემ მიმართ რუსთავის მესამე ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, ვინმე ბესო ზედელაშვილმა, თუ როგორ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არც კი უნდა დაწყებულიყო და როგორ ოპერატიულად დაიწყეს ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა, სადაც კატა არც კი იმყოფებოდა. აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ ძალადობს ზედელაშვილი ჩემზე. მეტიც, ჩანს როგორ ძალადობს გამომძიებელზეც, მაშინ, როდესაც გამომძიებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფიგურაა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მის კომპეტენციაში“, - აღნიშნა ტუსკაძემ.

მამუკა ტუსკაძის ინფორმაციით, ის ვერ არწმუნებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, რომ ბესო ზედელაშვილი სახელმწიფო მოხელეა და მამუკა ტუსკაძე - საარჩევნო სუბიექტი.

„უწყებათაშორის კომისიაში შეტანილი გვქონდა განაცხადი, უნდა განეხილათ ჩვენი საკითხი, თითქოს განიხილეს კიდეც, მაგრამ ამ დროს კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებზე რეაგირებენ. ვერ ვარწმუნებთ კომისიის თავმჯდომარეს, გოჩა ლორთქიფანიძეს იმაში, რომ ბესო ზედელაშვილი არის სახელმწიფო მოხელე და მამუკა ტუსკაძე - საარჩევნო სუბიექტი. როდესაც მათ შორის რაღაც შეხება ხდება, ესაა ზუსტად საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. მაგრამ თქვენ იცით, რომელი კლანის წარმომადგენელია ბესო ზედელაშვილი. ზედელაშვილების, თამაზაშვილების და განყარაშვილების კლანის, რომელიც დღეს ცდილობს, არ მისცეს ახალ პოლიტიკურ ძალებს საშუალება, ნორმალურად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. აქვე გეტყვით მეორე ფაქტსაც. ჩვენი ორგანიზაციის ლიდერის შვილი მონაწილეობდა კონკურსში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და გაიმარჯვა. პრინციპში, ის იყო ერთადერთი მონაწილე, თუმცა დღეს საუბრობენ, რომ თითქოს 7 კაცი მონაწილეობდა. უთხრეს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ის გათავისუფლდებოდა სამსახურიდან. ორივე შემთხვევა - ბესო ზედელაშვილიც და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც - არის სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის და საარჩევნო სუბიექტებზე ძალადობის ფაქტები“, - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა