პროკურორი - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოვითხოვთ

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბრალდების მხარე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, რისთვისაც შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებების სახით რუკები, კარტოგრაფიული მასალა და არსებობს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნაც.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს ოფიციალურად წარედგინა ბრალდება ორ პირს, რომლებიც დააკავეს. ჩვენ მოვითხოვთ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი პატიმრობის გამოყენებისთვის, რაც მტკიცებულებებით დადასტურებულია. რაც შეეხება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული, მათ შორის არის საქმესთან კავშირში მყოფი მოწმეთა ჩვენებები, ასევე არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ეს მტკიცებულება სრულად არის ერთმანეთთან თანხვედრაში“,-აცხადებს პროკურორი.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მათ დანაშაული განზრახ ჩაიდინეს.

„რაც შეეხება ბრალდებულების დამოკიდებულებას მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისადმი. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მათ ეს განზრახ, შეგნებულად ჩაიდინეს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, როგორც მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, არსებობს კონკრეტული ინდიკატორები, თუმცა, ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება და საზოგადოებას უფრო მეტ დეტალს მოვახსენებთ“,-აცხადებს მიხეილ სადრაძე.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა