„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დავით გარეჯზე - გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ შეფასებით, დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევა.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია რამდენიმე მიზეზის გამო:

გამოძიების დაწყების დრო: გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია მიმართული იყოს ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებს შორის იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. ამ საქმეებზე პოლიტიკოსებისა და ოფიციალური უწყებების საჯარო განცხადებები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი არა საქმის გამოძიება, არამედ ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მიყენება იყო.

მმართველი პარტიის გამოხმაურება: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები. სამწუხაროდ, აღნიშნული განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი.

შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში: პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება. იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული. ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში.

გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა. მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. “პატრიოტთა ალიანსის” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა, „დოსიე“ მიუთითებდა, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არც კი დაიწყო“,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება და შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები, ასევე გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი.

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა; საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე; საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მედიის განვითარების ფონდი“, „საზოგადოება და ბანკები“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა