პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე - ყველა პირი, ვისზეც გამოძიება მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, აუცილებლად დაიკითხება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ყველა პირი, ვისაც შემხებლობა აქვს დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან და ვისზეც გამოძიება მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, აუცილებლად დაიკითხება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა. ამით პროკურორმა უპასუხა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ წამყვანის კითხვას, გამოკითხულები არიან თუ არა საქმესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„გამოძიება იმდენად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოწმეთა რაოდენობაც იზრდება.

რაც შეეხება სხვადასხვა მედიით და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაჟღერებულ განცხადებებს, გამოძიების მიზანი არის, დაადგინოს, რა მოხდა რეალურად. არცერთი თანამდებობა, პოლიტიკური შეხედულებები თუ სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულებები არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.

რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, დაცვის მხარემ უკვე დაიწყო ამაზე საუბარი, მაგრამ ვიდრე, დაცვის მხარე სიღრმისეულად არ გაეცნობა და საკუთარ კონტრარგუმენტებს არ წარმოადგენს საზოგადოებაში, სწორად არ მიგვაჩნია დეტალურად ვისაუბროთ სხვდასხვა პირთა ჩვენებებზე.

რაც შეეხება დაკითხულ პირებს, ყველა მთგანი, ვისი ჩვენებაც ბრალდებას ეფუძნება, გადაცემულია დაცვის მხარისთვის. ყველა პირი, ვისაც შემხებლობა აქვს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაძიებელ ფაქტთან და ვისზეც გამოძიება მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, აუცილებლად დაიკითხება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა“,-აცხადებს პროკურორი.

მან არ დააკონკრეტა, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ამ საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო როლით.

„ნებისმიერი საგამოძიებო პროცესის მიზანია საკითხი სრულყოფილად შეისწავლოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს“,-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა