ბათუმის ცენტრალურ პარკში „საქართველოს ფოსტის“ მონუმენტი განთავსდა

„გაერთიანებული საფოსტო კავშირის“ ინიციატივითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმის ცენტრალურ პარკში „საქართველოს ფოსტის“ მონუმენტი განთავსდა, რომელიც საფოსტო საქმიანობას ასახავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.

მონუმენტზე გამოსახულია კურიერი, კონვერტები სხვადასხვა ქვეყნის დასახელებითა და მათი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაწევრიანების წლებით, ასევე „საქართველოს ფოსტის“ ლოგო, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორის. მონუმენტის ავტორია მოქანდაკე დავით ტაბატაძე.

„პირველ რიგში „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს მინდა მივულოცო „ფოსტის საერთაშორისო დღე“. მე როგორც ფოსტის ერთ-ერთი თანამშრომელი, მოხარული ვარ ამ მონუმენტის შექმნით, რაც ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომის ერთგვარ სიმბოლურ დაფასებას წარმოადგენს. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელები დაუღალავად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ 1805 წელს, თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა და საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა“, - აცხადებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

„გაერთიანებული საფოსტო კავშირი გახლავთ ფოსტის თანამშრომელთა გაერთიანება, რომელთა ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა აღნიშნული მონუმენტი. ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია საფოსტო საქმიანობის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და სოციალური უფლებების დაცვა. გამომდინარე აქედან ჩვენმა გაერთიანებამ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მონუმენტის სახით გამოგვეხატა პატივისცემა ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ“ , - განაცხადა გაერთიანებული საფოსტო კავშირის თავმჯდომარემ ნინო წაქაძემ.

„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 2 სერვისცენტრით ქ. ბათუმში. კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომლებიც ამასთანავე წარმოადგენენ „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“. „საქართველოს ფოსტა“ არის უნივერსალური საფოსტო ოპერატორი, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurope-ის წევრი, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს