ბიზნეს ასოციაცია შემოსავლების სამსახურს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებულ ჩამოწერასთან დაკავშირებით მიმართავს

ბიზნეს ასოციაცია შემოსავლების სამსახურს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებულ ჩამოწერასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარკვეული სახის დაზიანებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებული ჩამოწერის პროცედურის შემდეგი გაფართოვების აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან.

ამ კომუნიკაციის პირველი უაღრესად ნაყოფიერი შედეგი აღმოჩნდა სურსათის საცალო გაყიდვების სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის დანაკარგების დაუბეგრავი ზედა ჭერის 1%-ით განსაზღვრა. თუმცა სხვა ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებიც, მაგალითად, სარემონტო-სამშენებლო მასალით ვაჭრობაში არიან ჩართულები, გარკვეული საქონლის რეალიზაციისას წარმოექმნებათ გადაულახავი პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახება მათ საოპერაციო ხარჯებზე.

მათივე ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მაგალითია კერამიკული ფილებით ვაჭრობისას წარმოქმნილი პრობლემები. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ თხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით განისაზღვროს დანაკლისის არა არსებითი ოდენობა დაზიანებული კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების გამარტივებული წესით ჩამოსაწერად და ადმინისტრაციულ ორგანოს სთავაზობს განისაზღვროს ზემოაღნიშნული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დაახლოებით 5%-ს ოდენობით.

როგორც ცნობილია, დაზიანებული კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების ნაწილში კომპანიები დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, მიუხედავად ბუნებრივი დანაკარგისა, სრულად იბეგრებიან გადასახადებით, ვინაიდან კომპეტენტური საექსპერტო ბიუროს დასკვნის გარეშე ვერ ხერხდება დაზიანებული საქონლის სახეობის და რაოდენობის იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან, რაც დაკავშირებულია ადმინისტრირების გართულებასთან, კონკრეტულად კი ჩამოსაწერი პროდუქციის ფასთან შედარებით არაადეკვატურ, არაპროპორციულ ფინანსურ ხარჯთან და დამატებით დროით რესურსთან.

ბიზნეს ასოციაცია გამოდის ინიციატივით და მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომ აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა განხორციელდეს გამარტივებული წესით, რადგან კომპანიებს უწევთ არარეალიზებულ ან უკეთეს შემთხვევაში 95-98 %-იანი ფასდაკლებით რეალიზებულ საქონელზე გადასახადების გადახდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, სამშენებლო-სარემონტო მასალებით მოვაჭრე კომპანიებისთვის საკმაოდ რთული და შრომატევადია, იმ პროცედურების გავლა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის კუთხით.

„ ხშირ შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოს ჩატარება ვერ ხორციელდება ოპერატიულად და არაპროპორციულად ხარჯიანია იმ ჩამოსაწერ საქონელთან შედარებით, რომელიც გასაყიდად უვარგისია. ვითვალისწინებთ რა, იმ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც მსგავს სიტუაციებში ადმინისტრაციულ ორგანოსთან გვქონია, კერძოდ, ვგულისხმობთ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სურსათის ბუნებრივ დანაკარგებზე მიღწეული შეთანხმებას, მივმართავთ შემოსავლების სამსახურს, რათა აღნიშნულ შემთხვევაშიც ჩვეულ კონსტრუქციულ რეჟიმში წარვმართოთ დიალოგი, რომლის შედეგიც ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება იქნებოდა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს