მეუფე იაკობი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე - ვერც დანაშაულს დავაბრალებ და ვერც იმას ვიტყვი, რომ ფრთიანი ანგელოზები არიან

არ მგონია ან მიხეილ სააკაშვილი იყოს პრობლემა, ან ივერი მელაშვილი ან დღევანდელი ხელისუფლება, ალბათ, უფრო საქმისადმი ადამიანების უგულობა. როცა რაღაცის თავი არ გაქვს, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ, იქ არ უნდა იმუშაო, - ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას ბოდბელი ეპისკოპოსი დავით გარეჯის საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მეუფე იაკობის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების საქმის დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრობლემა საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებითად და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ მოგვარდება.

"გარეჯის თემაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. 2012 წელს, ცოტა ხნით ჩაკეტილი რომ იყო და მომლოცველებს აღარ უშვებდნენ, იქ მისულებს შორი ერთ-ერთი მეც ვიყავი, რამდენიმე ეპისკოპოსი ვიყავით. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ჩვენს ერებს შორის მშვიდობიანად, ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, მას არ აქვს პასუხი, თუ რატომ დააკავეს წინასაარჩევნოდ კომისიის წევრები.

„როგორც იცით, მე ვარ სასულიერო პირი. გენერალური პროკურორი რომ ვიყო, ალბათ, გიპასუხებდით. ახლა სიტუაცია ისეთია, შეიძლება ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიოთ. ვერასდროს ვერავინ გამორიცხავს რაიმე ვარიანტს. სინამდვილეში რა არის, ეს წესით, წესიერმა სასამართლომ, მართლმსაჯულებამ უნდა გვანახოს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური ელფერი, ეს პოლიტიკოსებს ჰკითხეთ. ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნებია და ვის, რა გაახსენდება, არ ვიცი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი დავით გარეჯის საქმეზე უშუალოდ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. მისი თქმით, პროცესი ოდნავ ღია თუ იქნება, საზოგადოება ნახავს, რა იყო და რა არა.

„მიხვიდე, პროკურატურაში რაღაც თქვა და საქმე აღძრან და რაღაც გააკეთონ, არ ვიცი...მამა კირიონს უნდა ჰკითხოთ, როდის უთხრა პირველად სახელმწიფოს და თუ ადრე უთხრა, მაშინ სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებს უნდა ჰკითხოთ და არა მამა კირიონს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მისივე თქმით, ასევე ვერ გააკეთებს კომენტარს, უნდა მიეცნენ თუ არა პასუხისგებაში სხვა პირებიც.

„სასულიერო პირი ვარ, სასულიერო პირებს ვიღაცის დაკავებაზე რომ მესაუბრებით, ეს ჩემი სათქმელი არ არის. თუ ღალატს აქვს ადგილი, თუ ასეთი რამ არის, დაცვა არ გამოვა. თუ არ აქვს და ადამიანს აბრალებს, ეს კიდევ უარესია.მე მირჩევნია დღეს ასე გიპასუხოთ. მე ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს არ ვიცნობ... თუ საბუთები არ აქვთ, პროკურატურის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ. მამა კირიონმა შესაძლოა, მოითხოვა, გარეჯის საკითხს წესიერად მიუდექითო. მერე, გამოძიება როგორ წავიდა, ხელს ვის კიდებენ, არ ვიცი. ეკლესია არავის ვაჭერინებთ ხოლმე კაცს, თუ იჭერენ, თუ დამნაშავეა, თავის გამო იჭერენ. თუ არ არის დამნაშავე, ისიც გამოჩნდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხზე არსებული კომისიის მუშაობაში საქართველოს საპატრიარქო ჩართული არ იყო.

"რატომ არ ვიყავით ჩართულები, ეს შეგიძლიათ 1996 წლიდან რომ კომისია შედგა, იმ კომისიიდან ჰკითხოთ სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ერთი რამ ვიცი, რომ წლების წინ, იმ რუკების შესახებ, რასაც მამა კირიონი ამბობს, საუბარი ჰქონდა ივერი მელაშვილთან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯზე დაწყებული გამოძიება მეზობელ ქვეყანასთან უერთიერთობის მხრივ "არაფერზე იმოქმედებს". მისი თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიებთან დაკავშირებით პროცესების დადებითად დასრულებას ელის.

"ვიცი სიტუაცია და ეს არაფერზე იმოქმედებს, იმიტომ, რომ აზერბაიჯანის მხარეს თავისი პიზიცია გამოთქმული აქვს. ჩვენც ვიცით იმათი პოზიცია და გითხარით, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება. თუ ხედავთ, ჩვენს შორის საერთოდ არ დაძაბულა ურთიერთობა. ჩვენ არ ვერევით კონფლიქტში... დადებითს ველი. რუკების გამო არა, ზოგადად დადებითს ველი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, გარეჯის საკითხში ჩახედულია და ზოგადად ამ საკითხის მიმართ ინფორმაციას "ადრეც" ფლობდა. კითხვაზე, აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც იცოდა, მაუფე იაკობის თქმით, საგამოძიებო უწყებასთან პირადად არავითარი შეხება არ აქვს.

„მე თემები ადრე ვიცოდი. ალბათ, სჯობს, დაველოდოთ. ყველამ იცოდა... ქალბატონი კარტოგრაფიაში ძალიან ძლიერია და ბატონი ივერი სამინისტროში იყო და თავის საქმის პროფესიონალი იყო - რუკებს რომლებსაც იქ იყენებდნენ, კაზუსი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენი იყო, მაგრამ ზუსტად ის რუკები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საკითხში, ბუნდოვანი იყო, ამიტომ სიტუაციას რომ შეხედო, როგორია - მივიდა აზერბაიჯანი და იქ დადგა. როდესაც არ ეუბნები, რომ სადავოა, ის იქამდე მივიდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ მელაშვილი და ილოჩოვა პროფესიონალები არიან, თუმცა მათი განზრახვის შესახებ არ იცის.

"განზრახვაც არ ვიცი. ვერ იმას დავაბრალებ ადამიანს და ვერც იმას ვიტყვი, რომ ფრთიანი ანგელოზები არიან... ვფიქრობ, როგორც ლაპარაკობენ, რაღაცები აქვთ“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა უპასუხა კითხვას, ენდობა თუ არა პროკურატურას.

"მე იმ ცხოვრებით არ ვცხოვრობ, რომ პროკურატურას ან სხვა ვინმეს ნდობა ვუცხადო. სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემთვის მთავარია ღმერთს ჰქონდეს ჩემთან ნდობა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა რომ შესაძლოა, ბრალი წარედგინის მიხეილ სააკაშვილს, მეუფე იაკობმა აღნიშნა, ამაზე ვერაფერს იტყვის.

"მასე დამნაშავე თუ მე ვარ, ჩემზეც გამოვლენ. არ ვიცი, რაში უნდა იყოს მანდ მიხეილ სააკაშვილი, ვერ გეტყვით.1996 წლიდან არის კომისია, დღეს კი 2020 წელია. მე დაკავებებით არ ვარ დაინტერესებული. ჩემი ნება რომ იყოს, ციხეები საერთოდ არ იქნებოდა. ამნისტიას იმიტომ ვითხოვ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია დაჭერილი, რომლის გამოშვება შეიძლება. ოჯახებსაც გავახარებთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით, " ჩვენი ინტერესების დაცვა არ მიდიოდა ისე, როგორც უნდა დაეცვათ“.

„უშუალოდ ნახაზები უნდა ყოფილიყო ისეთი და ისეთი რამით უნდა ეხელმძღვანელათ...დღეს ბევრი ლაპარაკობს. პოლიტიკოსები არიან ჩარეულები, არჩევნებია მოახლოებული და საარჩევნოდ უნდათო. ადამიანზე ამბობენ, ტყუილად დაიჭირეს, პოლიტიკური მძევალიაო. მე შესაძლოა ბევრ რამეს ვფიქრობდე, მაგრამ დაკავება ჩემში არაფერს იწვევს. თუ აქვს დანაშაული, დაველოდოთ არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, წინასაარჩევნოდ, რატომ გააქტიურდა გარეჯის თემა, მან ასე უპასუხა: " ეს მოკითხეთ 2007 წლიდან კონტრდაზვერვის და დაზვერვის ხელმძღვანელები ვინც იყვნენ ქვეყანაში,. იმათ მოკითხეთ, იცოდნენ თუ არა. თუ არ იცოდნენ, აბა, რა იცოდნენ?! კონკრეტულ პირებზე არაფერი ვიცი. მე არ ვუყურებ ასე - ან სააკაშვილი იყოს პრობლემა ან ივერი ან დღევანდელი ხელისუფლება. ალბათ, უფრო საქმისადმი ადამიანების უგულობა. როცა რაღაცის თავი არ გაქვს, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ, იქ არ უნდა იმუშაო", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს