ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რომელიც 2 მონაკვეთადაა დაყოფილი არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. 2 მონაკვეთის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს.

პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელია. ამასთან, პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მათივე ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

" ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი მიიღო. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.

გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან. პროექტის განხორციელების შედეგად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურიზმი შეიკვრება ერთიან არტერიაში. აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა