ირაკლი კობახიძე - ჩვენ ავუხსენით პარტნიორებს, ვენეციის კომისიას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ამთავრებდა, სხვა შანსი, რომ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა

მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ამთავრებდა, სხვა შანსი რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო არ არსებობდა, - ასე აფასებს „ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის განცხადებას, სადაც კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ბოლო მოსმენით დამტკიცდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი იყო.

„ჩვენც გამოვთქვით მწუხარება თავის დროზე იმის გამო, რომ არ ჩამოუსწრო საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნამ. ისინი საუბრობდნენ, რომ ერთ კვირაში შეეძლოთ დასკვნის მომზადება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხეს. ჩვენ ავუხსენით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ვენეციის კომისიას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამთავრებდა მუშაობას, სხვა შანსი, რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდა. ამ კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სათანადოდ გაგრძელდეს პროცესები სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ასახული ის პროგრესი, რომელიც განხორციელდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია იყო და სამივე რეკომენდაცია სათანადოდ არის ასახული ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში“, -განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა