არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება

„ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია. ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება. არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს - არ მოგვისმენია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რითაც ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო.

„მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა.

ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვით ადრე წყვეტს პლენარულ სხდომებს.

მაშინ, როდესაც არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებში და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვას და დავების გადაწყვეტას, ჩვენ არ გვქონდა უფლება, საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაგვედო და ამით პროცესი თვეებით, კიდევ ერთი წლით გაგვეჭიანურებინა.

სასამართლო სისტემაში რეფორმები სწორი კურსით მიდის და ამის შედეგია ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების 8-ჯერ (5000-დან 700-მდე) შემცირება, ასევე, საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო სისტემის დასახელება ევროპის საუკეთესო ოცეულში. ჩვენ განვაგრძობთ სასამართლოში რეფორმების მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა