ნინო ლომჯარია - პოლიტიკურმა პირებმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკვე  შერაცხეს  დამნაშავეებად, ქვეყნის მოღალატეებად - ეს მიუღებელია და არღვევს მათ უდანაშაულობის პრეზუმფციას

სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პირებმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკვე შერაცხეს დამნაშავეებად, ქვეყნის მოღალატეებად. ეს არის ძალიან სახიფათო და მიუღებელი და არღვევს ამ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების კონტექსტში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლომჯარიას განმატებით, სახალხო დამცველის ოფისი საქმეში იმ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ჩაერთო, რაც პირთა დაკავებისა და მათთვის ბრალის წარდგენისას შეიქმნა. მისივე განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ინდივიდებსა და მათ უფლებებს, პოლიტიკურმა ფიგურებმა თავი უნდა შეიკავონ იარლიყების მიწებებისგან.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელფერი შესძინა ამ საქმეს იმ პოლიტიკურმა პოზიციონირებამ, რასაც თუნდაც მმართველი პარტიის წევრები ეწეოდნენ ამ პირთა დაკავებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საზღვრების დადგენა არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი და ამაზე პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ, მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული პირები და მედიასაშუალებები ამბობენ,თითქოს ეს ადამიანები უკვე არიან დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები, ეს არის ძალიან სახიფათო. ძალიან მაღალი რისკია იმისა, რომ ამ პროცესში არის დაინტერესებული მმართველი ძალა, პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იდგეს ამის უკან და აქედან გამომდინარე, ჩართულობა და ყურადღება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ პროცესში მაქსიმალურად იყოს მათი უფლებები დაცული. ვფიქრობ, რომ უნდა გაიმიჯნოს და პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ არსებით საკითხებზე, რაც ყველას გვაწუხებს, ეს ეხება დემარკაციის პროცესს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ინდივიდებს, მათ უფლებებს, ყველა პირმა, განსაკუთრებით, თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ გარკვეული იარლიყების მიწებებისა და თუ შეფასებების გაკეთებისგან მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ცხელ პერიოდში მოხდა მსგავსი, ძალიან მგრძნობიარე საქმის წინ წამოწევა, რასაც თან ახლდა პოლიტიკოსთან მკაფიო შეფასებები და მათი პოზიციონირება დაკავებულ პირთა ბრალეულობასთან დაკავშირებით, ეს სძენს საკითხს პოლიტიკურ ელფერს,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, ის უკვე შეხვდა ერთ-ერთ დაკავებულს, ივერი მელაშვილს და უახლოეს პერიოდში შეხვდება მეორე ბრალდებულსაც.

„ორი დღეა გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩავერთოთ ამ საქმეში და შევისწავლოთ საქმის მასალები. ჩვენ ინფორმაციას მივიღებთ ადვოკატისგან, რომელიც ამჟამად თავად ეცნობა საქმის მასალებს. შევხვდით უკვე ერთ-ერთ დაკავებულ ივერი მელაშვილს და ასევე, ვაპირებთ შევხვდეთ მეორე დაკავებულსაც და სამომავლოდ გვქონდეს მათთანაც კომუნიკაცია, ადვოკატთანაც და, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც მივმართავთ მას შემდეგ, თუკი დამატებით გვექნება შეკითხვები საქმის გარემოებებზე. ჩვენ განსაკუთრებული გულისყურით მივადევნებთ ამ საქმეს თვალს და ჩვენი შესწავლის საგანი, რა თქმა უნდა, არ იქნება რუკებთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება, ჩვენ შევხედავთ ამ პროცესში, რამდენად იქნება დაცული დაკავებულ და ბრალდებულ პირთა უფლებები და რამდენად წარმოადგენს მათი ქმედება, რასაც პროკურატურა ედავება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რამდენად შეეძლოთ ამ ადამიანებს თავისი როლიდან თუ პოზიციიდან გამომდინარე, ჩაედინათ ის დანაშაული, რასაც ედავება პროკურატურა,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა