ნინო  ლომჯარია მის მიმართ კობახიძის განცხადებაზე - ზეწოლის მოხდენის მცდელობად შევაფასებდი - ეს არ წარმოგვაჩენს დემოკრატიულ  ქვეყნად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებს.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ლომჯარიამ კობახიძის იმ რეპლიკაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სახალხო დამცველს „ოპოზიციის ომბუდსმენი“ უწოდა, „წინასაარჩევნოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟთან დაკავშირებით მისი განცხადების შესახებ ირაკლი კობახიძის კრიტიკა სახალხო დამცველისთვის თვითცენზურის გაჩენისკენ იყო მიმართული და საქართველოს, როგორც განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყანას, კარგად არ წარმოაჩენს“.

„ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით შანტაჟის ორ სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით გახდა ჩვენთვის ცნობილი, რაზეც პირებმა მოგვმართეს დახმარებისთვის. მიუღებელია რა თქმა უნდა, მსგავსი შეფასებები სახალხო დამცველისა საქმიანობის მისამართით, მითუმეტეს, რომ გარკვეული დეზინფორმაციული განცხადებებიც გაკეთდა ჩემს წარსულში პოზიციონირებასთან დაკავშირებით. მიუღებელია, რომ სახალხო დამცველს მოსთხოვო გაასაჯაროოს იმ პირთა ვინაობა, ვისაც სურს, რომ კონფიდენციალურად დარჩეს სახალხო დამცველთან ურთიერთობის დროს. ჩვენ ეს მანდატი კანონით გვაქვს მონიჭებული და თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ ჩვენთან კომუნიკაცია, თუ მათ ამაზე საუბარი არ სურთ, კონფიდენციალურად დარჩება. ჩვენ ამ ფაქტებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს (კობახიძის განცხადება), მე უფრო ზეწოლის მოხდენის მცდელობად შევაფასებდი, იმიტომ რომ მთელი მისი განცხადების სულისკვეთება იმაში მდგომარეობდა, რომ სახალხო დამცველს გასჩენოდა თვითცენზურა, თუ რა საკითხებზე უნდა ვისაუბროთ და არ ვისაუბროთ. უფრო ამ ტიპის განცხადება იყო, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოვაქციოთ ჩვენი განცხადებები, რაც ალბათ, პირველ რიგში, ცუდია ისევ იმ პარტიისთვის, ვისი სახელითაც ბატონი კობახიძე საუბრობს, იმიტომ რომ ეს განცხადება აუცილებლად აისახება მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში და არ წარმოგვაჩენს ჩვენ განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნად, როდესაც პარლამენტის წევრი, გენერალური მდივანი მსგავსი სიტყვებით მიმართავს ადამიანის უფლებათა დამცველ მთავარ ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს საქმიანობას ხელს არ შეუშლის იმ თვალსაზრისით, რომ ვაგრძელებთ ობიექტურად და პრინციპულად ჩვენი მანდატის შესრულებას“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია „ოპოზიციის ომბუდსმენია“. კობახიძემ სახალხო დამცველის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ და „სამარცხვინო“ უწოდა. აღნიშნულს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟის თაობაზე ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციიასთან დაკვშირებით ნინო ლომჯარიას გამოხმაურება უძღოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოთქვეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ გაკეთებული განცხადების გამო და მას ომბუდსმენზე თავდასხმა უწოდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს