უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კახიანის განმარტებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პანდემიური მდგომარეობით არის ნაკარნახევი. კახიანის განმარტებით, თუ ეს პიროვნება ქვეყნის მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს, ის შეიძლება იყოს შემოშვებული საქართველოში.
„ბუნებრივია, სახელმწიფო იღებს იმ ზომებს, რომელიც გარკვეულწილად პანდემიური მდგომარეობიდან არის გამომდინარე და აქედან გამომდინარე ხდება, თუ რაღაც გარკვეული შეზღუდვა არის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, როგორც ამას შესაბამისი რეგულაციები მოითხოვენ, ეს პიროვნება შესაძლოა იყოს შემოშვებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც არსებობს პანდემიიდან გამომდინარე,“- განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას დღეს აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია „აირზენა“ ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.