გიგი უგულავა - ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, მიშამაც ამოიღო მიზანში - სააკაშვილი მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

„შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისი თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. საქმეში ოდნავ ჩახედულებისთვის ცხადი იყო. მიშა ბორგავდა და არ მოწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ ენმ ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა ბიძინამ მხოლოდ, არამედ მიშამაც და ის, რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120/30 მიღების მერე საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით, სამაგიეროდ ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი „ლიდერშიფიც“. ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა - ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა ან მე ან ბიძინა - სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო ეს თამაშის წესი, მტერი აღმოჩდა, ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე “ევროპული საქართველო”, შემდეგ „გირჩი“ ანუ სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი "სატახტოთა თამაშების" მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და „ქოცების“ წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას - მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, უგულავას თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად გადაიქცა.

„ბუნებრივად ისმის კითხვა, ახლა რა ხდება? წავაგებთ? - არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ "მეგატრონებს" ეს საერთოდ არ ადარდებს. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის „ოცნებას“ და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს.

დიახ, მთავარი ამოცანაა 1. – „ოცნება“ 40% ქვევით დარჩეს. 2. - ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს „ნაცმოძრაობაზე“ მეტი 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. ეს მიღწევადია თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა თავი ქვეყანაზე მაღლა დააყენა. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული „ოცნებები“ და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. ხოლო ჩვენ, ვისაც ოცნება "ნაცებს" გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკაში და ყოფაცხოვრებაში, ხალხი ვინც სხვა და სხვა პარტიაში ვართ და ცივილურად შეგვიძლია თანაარსებობა.

დიახ, უცნაური არჩევნებია - წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს“, - აცხადებს გიგი უგულავა.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილი მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი - გიგი უგულავა ვიდეომიმართვას ავრცელებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს