ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - დღის წესრიგში დგება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების გადავადების საკითხი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 807,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 28,1 ათასი ტონით ანუ 3,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (779,4 ათასი ტონა) შედარებით.

მათი ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 250,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 159,3 ათასი ტონა (19,7%), რუმინეთი - 152,9 ათასი ტონა (18,9%), ბულგარეთი - 82,7 ათასი ტონა (10,3%); და სხვ.

„2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 388,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15,4 ათასი ტონით ანუ 3,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (403,4 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 96,9 ათასი ტონა (25%), ბულგარეთი - 62,3 ათასი ტონა (16,1%); ყაზახეთი - 26,8 ათასი ტონა (6,9%), და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, 43,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376,0 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%), და სხვ. თუმცა მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.

„აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.

თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს.

შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა